შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში 160 მილიონზე მეტი წიგნი, აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერი, ხელნაწერი, ფოტო, რუკა, გაზეთი ინახება. მათ შორის ათასობით საქართველოს შესახებაც. ვაშინგტონში, ბიბლიოთეკაში დაცულია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი მასალებიც. არაერთი დოკუმენტი, წიგნი და გაზეთი, რომელიც იმ დროს საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ გამოიცა.
"ეს არა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტებია, არამედ აქვეა ასახული მათზე გაკეთებული მინაწერები, ოფიციალური პირების ჩანაწერები, რაც ძალიან მრავალფეროვანს ხდის მათ. ისტორიკოსები ასეთ მასალას ნატრობენ."ლევონ ავდოიანი
კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარი პოლ ქრეგო ამბობს, რომ ამჟამად 10 000 ათასზე მეტი ქართული დასახელების წიგნი ინახება ბიბლიოთეკაში. ამაზე მეტი შტატებში კი შეიძლება მხოლოდ ჰარვარდის ბიბლიოთეკას ჰქონდეს, სადაც მან საქმიანობა დაიწყო:
"გარდა ამ წიგნებისა, ბევრი უცხოენოვანი წიგნია საქართველოს შესახებ. მაგალითად რუსულად, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და სხვა ენებზე. ზოგჯერ სწორედ ესენია ყველაზე იშვიათი და ღირებული წიგნები, რადგან ისინი იმ პერიოდშია გამოცემული, როდესაც საქართველო ცდილობდა საერთაშორისო არენაზე თავი დამოუკიდებელ მოთამაშედ დაემკვიდრებინა“.
ბიბლიოთეკის მკვლევარები სხვადასხვა ღირებულ მასალას ათეულობით წლის განმავლობაში აგროვებდნენ. დღეს ქართული თუ საქართველოს შესახებ არსებული მასალები არაერთი სხვადასხვა კოლექციის ნაწილია.
ბიბლიოთეკის აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის დივიზიის მკვლევარი ლევონ ავდოიანი გვიხსნის, რომ თუ ქართული მასალების ნახვა გვინდა, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის დივიზიას უნდა მივაკითხოთ, მაგრამ თუ რუსულად, ინგლისურა,დ ფრანგულად, გერმანულად თუ სხვა ენებზე იმ დროისთვის გამოცემული მასალების ნახვა გვინდა, მთავარ სამკითხველოს უნდა მივმართოთ, რადგან ისინი ზოგადი კოლექციების ნაწილია.
მკვლევარები ამბობენ, რომ პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მნიშვნელობის და მისი ისტორიის გასააზრებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმდროინდელი ქართული მასალები, არამედ, 1918 წლამდე და 21 წლის შემდეგ გამოცემული მასალებიც, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ერთ-ერთ მთავარ „მონაპოვრად“ მკვლევარებს 1918-21 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გამოცმეული ნორმატიული აქტების კატალოგი და მათი ორიგინალების ამსახველი ფირები მიაჩნიათ. 200-ზე მეტი ასეთი ფირი ბიბლიოთეკის განსაკუთრებით იშვიათი მასალების საცავში ინახება.
"ეს არა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტებია, არამედ აქვეა ასახული მათზე გაკეთებული მინაწერები, ოფიციალური პირების ჩანაწერები, რაც ძალიან მრავალფეროვანს ხდის მათ. ისტორიკოსები ასეთ მასალას ნატრობენ. ესაა პირველადი დოკუმენტები და როგორც ისტორიკოსს შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი წყაროები - უშუალოდ იმ პერიოდში გამოცემული დოკუმენტები - არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის მეორადი დოკუმენტები, რომლებშიც განხილულია ეს მასალები", - ამბობს ლევონ ავდოიანი.
მკვლევარი ამბობს, რომ ამ პერიოდის საქართველოს რეალობის გააზრება, მთლიანად კავკასიის რეგიონის მკვლევარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"მართალია, ეს ქართული დოკუმენტებია, მაგრამ ჩემთან მოსულან და ამ მასალებით დიანტერესებულან სომხეთის თუ აზერბაიჯანის შესახებ მომუშავე მკვლევარებიც, რადგან ისინი კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არაა მხოლოდ ქართული მასალები, ფასდაუდებელია, რომ საქართველოს მთავრობამ ისინი გამოსცა, მაგრამ ეს რეალურად კავკასიის ისტორიაა", - განმარტავს ლევონ ავდოიანი.
ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს თუ მკვლევარს შეუძლია კონგრესის ბიბლიოთეკაში მკითხველის ბარათის მიღება და ყველა ამ მასალის გაცნობა. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ 16 წელზე უფროსი იყოთ და ნებისმიერი ქვეყნის პირადობის მოწმობა გქონდეთ. ბიბლითეკის ზოგიერთი მასალა ონლაინაცაა ხელმისაწვდომი.