„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის პირველი გზავნილი მისი ინაუგურაციისას. ოთხი წლის თავზე, ბოლო აკორდი მისი მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შტურმით შეიჭრა იყო.
საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ტრამპმა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ბევრი ნაბიჯი გადადგა, რაც მიუხედავად არჩევნებში დამარცხებისა, ამერიკულ პოლიტიკაში მის მემკვიდრეობად დარჩება.
თავად პრეზიდენტი საკუთარ მიღწევებად ხშირად გამოყოფდა ეკონომიკას და მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობას. თუმცა კედლის დასრულება მან ვერ შეძლო, ხოლო ეკონომიკა პანდემიამ გაანადგურა.
„სამ წელ ნახევარი ეკონომიკა და სამუშაო ადგილები იზრდებოდა. მან ვერ დაასრულა კედლის მშენებლობა სამხრეთ საზღვარზე, თუმცა ეს არის სიმბოლო ამერიკის დამოკიდებულების ცვლილებისა იმიგრაციის მიმართ”, - ამბობს ჯოშ გლანსი, გამოცემა “სანდეი თაიმსის” კორესპონდენტი, რომელიც ტრამპის თეთრ სახლს აშუქებდა.
ასევე ნახეთ: „ტრამპიზმი“ „კონსერვატიზმის“ წინააღმდეგ: გაიყოფა თუ არა დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მომავალიპრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლას თან სდევდა შიშები მისი რუსეთთან კავშირების გარშემო. პრეზიდენტის კავშირებს მოსკოვთან თითქმის ორი წლის განმავლობაში იძიებდნენ. ტრამპი ამას კუდიანებზე ნადირობას უწოდებდა. ეგრეთწოდებული, "რუსეთის გამოძიების" შემდეგ, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაამტკიცა. 2019 წელს, კონგრესმა იმპიჩმენტის მიზეზად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა გამოაცხადა. თუმცა სენატმა, სადაც უმრავლესობა მაშინ რესპუბლიკელებს ეკავათ, ის გაამართლა.
საგარეო პოლიტიკა
ქვეყნის შიგნით ცხარე დაპირისპირების ფონზე, პრეზიდენტმა საგარეო არენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მან დატოვა 2015 წელს მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი პარიზის კლიმატური ხელშეკრულება და ირანის ბირთვული შეთანხმება. 2020 წელს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა და ამერიკის ორგანიზაციიდან გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტობის განმავლობაში ის ნატოს მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯებზე უფრო მეტის გაღებას ითხოვდა.
ასევე ნახეთ: 2020 წლის მთავარი მოვლენები მსოფლიოშიტრამპმა აქტიურად დაიწყო საუბარი ჩინეთთან ურთიერთობებზე, მისი გადახედვა მოითხოვა და ჩაერთო სავაჭრო მოლაპარაკებებში. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ჩინეთზე ფოკუსირების ეს ხაზი ამერიკის პოლიტიკას გრძელვადიანად გაჰყვება.
„შეიძლება ტაქტიკა შეიცვალოს, აღარ ვიხილოთ სავაჭრო ომები, ლექსიკას შეიძლება უფრო რბილი იყოს და ვუჰანის ვირუსზე საუბარი აღარ მოვისმინოთ, თუმცა ჩინეთთან, როგორც მოქიშპესთან მიდგომა, უცვლელი დარჩება”, - ამბობს გლანსი.
ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯი, ტრამპის მიერ მიღებული საიმიგრაციო შეზღუდვების გაუქმება იყო, რომელიც ხშირად იყო კრიტიკის საგანი. იმ ქვეყნებიდან ამერიკაში მოგზაურობის თემა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, უზენაესმა სასამართლომაც კი განიხილა. ამ პოლიტიკას პრეზიდენტ ტრამპის ოპონენტები ხშირად "მუსლიმების აკრძალვას" უწოდებდნენ.
ასევე ნახეთ: ბეიკერი ამერიკის დემოკრატიაზე, იმპიჩმენტის შედეგებსა და დონალდ ტრამპის მომავალზეგარდა იმიგრაციისა, ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის შეცვლის მისი წინამორბედის პოლიტიკას ალიანსების თუ ხელშეკრულებების მიმართაც. ბაიდენი ბრუნდება პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში, განიხილავს ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების შესაძლებლობას და ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობების გამოსწორებაზე საუბრობს. თუმცა ჯოშ გლენსი ამბობს, რომ ფაქტები და პარტნიორებს შორის პრობლემები უცვლელია და სწორედ ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაცია ბევრი მიმართულებით ტრამპის პოლიტიკას გააგრძელებს.
“ევროპის მიმართ... უფრო ტრადიციულ, დიპლომატიურ, მეგობრულ ტონს მოვისმენთ. ევროპელებს ურჩევნიათ ბაიდენი, რადგან ის უფრო სანდო მეგობარია, ვიდრე ტრამპი. თუმცა ბევრი რამე უცვლელი დარჩება. ნატოს დანახარჯები გაიზარდა, ეს ტრამპის ადმინისტრაციის მიღწეული გრძელვადიანი ცვლილებაა. ამერიკა არ იტყვის, რომ მოდი ახლა შევამციროთ ეს ხარჯები. ანგელა მერკელმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ვაშინგტონთან ყველაფერზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ადმინისტრაციას სურს რუსეთთან უფრო მკაცრი იყოს. ის უპირისპირდება "ჩრდილოეთის ნაკადის 2" მშენებლობას, რომელზე უარის თქმასაც გერმანია არ გეგმავს... ამიტომ ფაქტები არ შეცვლილა, მიუხედავად ტონისა და სტილის ცვლილებისა”, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ: სენატში ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა მომდევნო კვირიდან დაიწყებაოთხი წლის თავზე, ტრამპის თეთრი სახლის, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, ახლო აღმოსავლეთში, "აბრაამის შეთანხმებაა". მას ხელი გასულ წელს მოეწერა. შეთანხმებით ისრაელსა და ორ არაბულ სახელმწიფოს - არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს და ბაჰრეინს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას მოხდა. ეს ქვეყნები წლების მანძილზე არ ცნობდნენ ისრაელს, რომელიც რეგიონში შეერთებული შტატების წამყვანი მოკავშირეა.
ახლო აღმოსავლეთიდან პრეზიდენტმა, რომელიც მოვიდა დაპირებით, რომ დაასრულებდა ომებს, ამერიკული შენაერთების ნაწილი სახლში დააბრუნა. პრეზიდენტი ხშირად აცხადებდა, რომ „დიადი ქვეყნები დაუსრულებელ ომებს არ აწარმოებენ“. მან სირიიდან ამერიკული ჯარი გაიყვანა და ასპარეზი იქ რუსეთმა და თურქეთმა აიღეს. ამერიკელი სამხედროების სახლში დაბრუნების გადაწვეტილება მიიღო ავღანეთის შემთხვევაშიც, თუმცა ამ დრომდე უცნობია მივა თუ არა ეს ნაბიჯი ბოლომდე.
ამერიკულ ძალებს უნდა დაეტოვებინათ ასევე გერმანია, რომელიც ვაშინგტონის სამხედრო კონტიგენტის მთავარი მასპინძელი იყო ევროპაში. ტრამპმა, გერმანიასთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, იქიდან საკუთარი სამხედროების გაყვანის და მისი აღმოსავლეთ ევროპაში გადანაწილების გადაწვეტილება მიიღო.
პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ, რომ მისი მიდგომა და საუბრის ტონი მოკავშირეებთან ხისტი იყო, ხოლო მისი დამოკიდებულება ავტორიტარი ლიდერების მიმართ ბევრად უფრო რბილი. ეს კრიტიკა ხშირი იყო პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ურთიერთობების შემთხვევაში. ტრამპის ადმინისტრაცია პირველი წლების განმავლობაში დიდ ყურადღებას უთმობდა ფხენიანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს, პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
Your browser doesn’t support HTML5
თუმცა შედეგი გამოიღო პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო მოლაპარაკებებმა კანადასა და მექსიკასთან. თეთრმა სახლმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ნაფტა, ხელახლა მოილაპარაკა. პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ახალ შეთანხმებაში ბევრი არაფერი არ იყო ახალი. პრეზიდენტი კი საუბრობდა, რომ მისი ეს ნაბიჯი ამერიკელ ფერმერებსა და მეწარმეებს უკეთეს მდგომარეობაში აყენებდა.
საშინაო პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტიისა და ამომრჩევლისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წარმატება სასამართლოებში კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლეების დანიშვნაა. ტრამპმა უზენაეს სასამართლოში ცხრიდან სამი მოსამართლე: ნილ გორსაჩი, ბრეტ კავანა და ემი კონი ბარეტი დანიშნა. რეკორდულად მაღალი იყო ასევე ოთხ წელში მის მიერ სააპელაციო სასამართლოებში დანიშნული მოსამართლეების რაოდენობაც. ამას, სასამართლოს იდეოლოგიურ ბალანსზე გავლენა გრძელვადიანად ექნება.
ასევე ნახეთ: მიკსი: დემოკრატია იმარჯვებს მაშინაც კი, როცა ის თავდასხმის ქვეშაათუ რესპუბლიკელთა ნაწილისთვის პრეზიდენტის ეს ნაბიჯები მოსაწონი იყო, მისი ფიგურა, ტრამპის არჩევის დღიდან პარტიის შიგნითაც დაპირისპირებას იწვევდა. პრეზიდენტის წინააღმდეგ ხშირად მიდიოდნენ თანაპარტიელები, როგორიც იყო სენატორი ჯონ მაკკეინი თუ ახლა უკვე სენატორი მიტ რომნი. ხოლო, 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, რესპუბლიკელთა ნაწილმა პრეზიდენტის ქცევა მკაცრად დაგმო.
„ტრამპი რორშახის ტესტია. თუ გჯერა, რომ ვაშინგტონში სტატუს კვოს დანგრევა კარგია, მაშინ მას პოზიტიური კუთხით ხედავ. თუ ვაშინგტონში ინსტიტუტების გჯერა, რომ საჭირო იყო სისტემის შენარჩუნება, მაშინ მას მტრულ ძალად აღიქვამ ტრადიციისადმი და დემოკრატიისადმი“, - ამბობს პიტერ ბეიკერი, „ნიუ-იორკ tაიმსის“ ჟურნალისტი.
ასევე ნახეთ: 6 იანვარი - ამერიკული არჩევნების ფინალური აკორდი კონგრესშიყოფილი პრეზიდენტის პარტიას, არჩევნებში შემდეგ, მოუწევს იმაზე დაფიქრება, თუ როგორ მიუდგეს მისი ამომრჩევლების იმ ნაწილს, რომელიც ტრამპის ერთგულია. ეს კი პარტიის მომავალ ტრაექტორიაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
"ტრამპის გავლენის დიდი ნაწილი სოციალური და კულტურულია. მან ბევრი პოლიტიკური ნორმა დაარღვია, მაგალითად არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარით, რაც მართალია სხვებსაც დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა არა ამ მასშტაბით... ვფიქრობ ტრამპმა რესპუბლიკური პარტია სამუდამოდ შეცვალა... მან შეცვალა როგორ უდგება რესპუბლიკური პარტია მის ბაზას და რამდენად ითვალისწინებს მის მოთხოვნებს. ტრამპამდე პარტია უფრო ელიტას მიჰყავდა და ახლა მათ საბაზისო ამომრჩევლის გათვალისწინება მოუწევთ”, - ამბობს გლანსი.
ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის თავზე ქვეყანა ძალზედ პოლარიზებულია. 6 იანვრის მოვლენებმა ეს ნათლად აჩვენა. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ სწორედ ამერიკის გაერთიანება იქნება მისი მთავარი მიზანი და რომ ამერიკას დაუბრუნებს მსოფლიო ლიდერის როლს. ნაადრევია იმის თქმა, შეცვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია მისი წინამორბედის კურსს რადიკალურად თუ შეინარჩუნებს პოლიტიკის ნაწილს.
თუმცა როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ნათელია, რომ ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი, მისი ნაბიჯების და ქმედებების მიღმა, იქცა პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც ან უყვართ ან სძულთ და რომელიც ამერიკულ პოლიტიკასა და დებატებზე უდავოდ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.