ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთა სტრუქტურა

როგორია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერთა სტრუქტურა მას შემდეგ, რაც პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა და სი ძინპინმა ძლაუფლება მომდევნო 5 წლით შეინარჩუნა.

მთავარ რგოლში ძირითადი ფუნქცია ცენტრალურ კომიტეტს აქვს, რომელიც კონგრესის 2 300 დელეგატის მიერ არის არჩეული. კომიტეტი 205 წევრისგან შედგება და ირჩევს პოლიტბიუროს წევრებს, ასევე წარადგენს კანდიდატებს „ცენტრალურ სამხედრო კომისიაში“

ასევე ნახეთ: სი ძინპინის მესამე საპრეზიდენტო ვადა ჰონგ-კონგის ბირჟაზე რყევებით დაიწყო

პოლიტბიურო 24 წევრისგან შედგება და თავის მხრივ ის ირჩევს 6 კომიტეტის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს. მე-20 ყრილობის შემდეგ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, კომიტეტების თავმჯდომარეები არიან: ლი ქიანგი, ჟაო ლეჯი, უან ჰუნინგი, ქაი ჩი, დი შუიშიანგ, ლი ში და გენერალურ მდივნად არჩეულია სი ძინპინი.

თავის მხრივ, გენერალური მდივანი აკონტროლებს და ამტკიცებს ცენტრალურ სამხედრო კომისიას, რომელიც ასევე 7 წევრისგან შედგება. ამ გზით ხდება ჩინეთის ჯარის კონტროლი.

რაც შეეხება თავად კონგრესს, რომელიც ძირითადი რგოლის მთავარი შემადგენელი ნაწილია, მისი არჩევა 96 მილიონზე მეტ ადამიანს ევალება. ბოლო ინფორმაციით, ჩინეთის „კომუნისტურ“ პარტიაში 96.7 მილიონი ადამიანია გაერთიანებული. სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა კი ამ დროისთვის 1.4 მილიარდია.