ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო და ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 14 ნოემბერს დააკავეს 41 წლის ვაჟა გაბადაძე, იგივე "ნათან იუსიფოვი"; 45 წლის კახა კაცაძე; 54 წლის თეიმურაზ თავბერიძე იგივე "თავა" და 53 წლის დავით ტიკარაძე.
პროკურორმა დამიან უილიამსმა თქვა: „როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, ფულის გამოძალვის მიზნით, გაბადაძე, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები მსხვერპლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ. FBI-ს და პროკურორების ერთგულების წყალობით, ოთხივე ბრალდებულს ახლა ფედერალური ბრალდება ემუქრება".
FBI-ის საქმეზე პასუხისმგებელი დირექტორის თანაშემწემ ჯეიმს სმიტმა კი განაცხადა: „მსხვერპლის იძულება გადაიხადოს ფული დაშინებისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით უკანონოა. ამ უკანონობის ჩასადენად, ბრალდებულები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში აწყობდნენ შეთქმულებას. FBI გულგრილად არ იქნება, სანამ ორგანიზებული დანაშაულის წევრები მონაწილეობენ ძალადობასა და გამოძალვაში. ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ სისხლის სამართლის სისტემის მიხედვით“.
"დაახლოებით, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე ჩართული იყვნენ გამოძალვის სქემაში. გაბადაძე არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ყველა დაკავებული ქუთაისიდანაა. როგორც ამერიკელი სამართალდამცველები იუწყებიან, გაბადაძე ე.წ "კანონიერი ქურდია". ყველა მათგანს წაყენებული აქვს შეთქმულებისა და გამოძალვის თითო მუხლი, რაც 20-20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.