ამერიკელი კანონმდებლები ორივე პარტიიდან შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების სანდოობა უცხოელ აუდიტორიაში შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს. ამის მიზეზად ისინი "ამერიკის მედიის გლობალური სააგენტოს" ახალი ხელმძღვანელის მაიკლ პეკის ქმედებებს ასახელებენ.
მაიკლ პეკი პირველი კანდიდატია, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ შექმნილ ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა, ივნისში კი სენატმა დაამტკიცა. "გლობალური მედიის სააგენტო" თავის მხრივ რამდენიმე საერთაშორისო მაუწყებელს ზედამხედველობს, მათ შორის, "ამერიკის ხმასა" და "რადიო თავისუფლებას".
ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატაში სწორედ მაიკლ პეკის ნაბიჯები განიხილეს. პეკი მოსმენაზე არ გამოცხადდა და თქვა, რომ შერჩეული დრო მის განრიგში სხვა უკვე დაგეგმილ ღონისძიებასა თუ შეხვედრას ემთხვეოდა. ის პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, ელიოტ ენგელმა ოფიციალურად დაიბარა.
"მან უდიდესი უპატივცემულობა გამოავლინა ჩვენი კომიტეტის და "მედიის გლობალური სააგენტოს" ზედამხედველობის ფუნქციის მიმართ. ის არ შეესაბამება ამ პოსტს. ის უნდა გადადგეს და თუ არ გადადგება, პრეზიდენტმა ის უნდა დაითხოვოს", - განაცხადა კონგრესმენმა ენგელმა.
სააგენტოს წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. მაუწყებლების პროგრამები კი 60-ზე მეტ ენაზე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში 350 მილიონამდე ადამიანს მიეწოდება.
კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, კონგრესმენი მაიკლ მაკოლი ამბობს, რომ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობის გამორჩეულად სახიფათო გადაწყვეტილება, მის დაქვემდებარებაში მყოფი "ღია ტექნოლოგიების ფონდისთვის" 18 მილიონიანი დაფინანსების შეწყვეტა იყო. პეკის მიერ პალატის წინაშე გამოუცხადებლობა კი "კონგრესის ნების იგნორირება".
სააგენტოს სათავეში ჩადგომის შემდეგ მაიკლ პეკმა რადიო თავისუფლების, რადიო თავისუფალი აზიის, ახლო აღმოსავლეთის მაუწყებელთა ქსელის ხელმძღვანელები გაათავისუფლა, სცადა "ღია ტექნოლოგიების ფონდის" თავმჯდომარის ჩანაცვლებაც, ჯგუფის, რომელიც ფედერალური გრანტების განკარგვით მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობას ცდილობს. ორგანიზაციაში დასაქმებული საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის კი ვიზების განახლება აღარ ხდება. სულ მცირე, 5-მა ჟურნალისტმა ვიზისა და შესაბამისად სამუშაო უფლების ამოწურვის გამო შეერთებული შტატები უკვე დატოვა.
კომიტეტის წინაშე ხუთშაბათს წარდგა გრანტ ტერნერი, სააგენტოს მთავარი ფინანსური ოფიცერი, რომელიც გასულ თვეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს; ასევე ამანდა ბენეტი, "ამერიკის ხმის" ყოფილი დირექტორი, რომელიც პეკის დანიშვნისთანავე თანამდებობიდან გადადგა; ჯემი ფლაი, "რადიო თავისუფლების" პრეზიდენტი, კარენ კორნბლუ "ღია ტექნოლოგიების ფონდის" საბჭოს თავმჯდომარე და რაიან კროკერი, ამერიკის ყოფილი ელჩი და ფონდის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
ისინი იმ გავლენაზე საუბრობდნენ, რაც მათი აზრით, ივნისის შემდეგ გატარებულმა ცვლილებებმა შეიძლება სააგენტოსა და მის ჟურნალისტებზე მოახდინოს.
"გლობალური მედიის სააგენტოს" ახალი დირექტორი მაიკლ პეკი ამბობს, რომ მისი ქმედებები წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტი, თანამშრომელთა ნაწილის წარსულის უსაფრთხოების მიზნით ხელახალი შემოწმებაა. ამასთან, პეკი პირობას დებს, რომ სააგენტოს სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება და ის საკუთარ მისიას უფრო ეფექტურად შეასრულებს.