რუსული პროპაგანდისტული არხი RT ლატვიაში დაბლოკეს

კრემლის მიერ კონტროლირებული "რაშა თუდეი" ლატვიაში პროპაგანდისტულ არხად გამოაცხადეს და დაბლოკეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ქვეყანა, როდესაც ტელეკომპანია "რაშა თუდეის" რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სანქციებს იღებენ.

ასევე ნახეთ: რეფერენდუმი პანდემიის დროს

ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ შეგროვებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "რაშა თუდეი," რომელიც ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია მსოფლიოში, საშიშად და ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ არხად მიიჩნიეს დასავლეთში. სწორედ ამიტომ ლატვიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანაში დაიბლოკა "რაშა თუდეი" და მასთან დაკავშირებული არხები, ჯამში საუბარია 7 არხზე.

ასევე ნახეთ: კრემლი "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას" თავს ესხმის

"ჩვენ ეს გადაწყვეტილება ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიღეთ. ეს სატელევიზიო არხი და გადაცემები კრემლის მიერ კონტროლირებულია და მას ხელმძღვანელობას უწევს დიმიტრი კისილიოვი, რომლის წინააღმდეგაც ევროპაში სანქციები მოქმედებს," - წერია განცხადებაში რომელიც ლატვიის უსაფრთხოების სამსახურებმა გაავრცელეს.

კისილიოვს სანქციები ევროკავშირში 2014 წლის მარტში დაუწესეს, სწორედ პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობისთვის. ის ამ პერიოდში აქტიურად მუშაობდა უკრაინის თემაზე და მისი ხელმძღვანელობით მომზადებული მასალები რუსეთის ჯარების განლაგების შესახებ, სრულად პროპაგანდისტული და მცდარი იყო.

ასევე ნახეთ: პუტინი: შეიძლება კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი

ლატვიაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება სწორი და არგუმენტები დამაჯერებელია. სწორედ ამიტომ ლატვია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიიღონ გადაწყვეტილება და დაბლოკონ "რაშა თუდეი" მათი ქვეყნების ტერიტორიაზე.

თავის მხრივ მიმდინარე პროცესების შესახებ სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინფორმაციაში "რაშა თუდეის" წარმომადგენელი ამბობს "ვულოცავთ ლატვიის საიდუმლო სამსახურებს და მედიის ეროვნულ საბჭოს, რომ საბოლოოს შეძლეს მათი მოსახლეობის დაცვა ყველაზე გავლენიანი რუსული პროპაგანდის არხისგან"

რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბრის დროს ლატვიაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა თავად კისელიოვმა.

" ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ლატვიის ხელისუფლების სისულელეებისა და უცოდინრობით. ეს მათი ცოდნის ინდიკატორს განსაზღვრავს. ისინი არიან რუსოფობები,"- ამბობს კისილიოვი.

ასევე ნახეთ: ევროპის ქვეყნებში, რუსეთისა და ჩინეთის დეზინფორმაციას უფრო ხშირად კითხულობენ, ვიდრე დიდი გამოცემების ცნობებს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლატვიაში ამა თუ იმ რუსულ მაუწყებელს ბლოკავენ. მანამდე, ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში რამდენიმე რუსულ მაუწყებელს შეუჩერა მაუწყებლობის უფლება მიზეზი - რუსული პროპაგანდის და ცრუ ახალი ამბების ტირაჟირებაა.

ლატვიაში ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან ეს გამიზნული ქმედებაა რათა მათ ქვეყანაში მოსახლეობის აზრი შეცვალონ და ნიჰილიზმი დათესონ. აღსანიშნავია, რომ ლატვიის მოსახლეობის 30% რუსულ ენაზე საუბრობს და რუსული მათი მთავარი სასაუბრო ენაა. მათი უმრავლესობა ეთნიკურად რუსია.