კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ სამხრეთ ამერიკაში 100 000-ს გადააჭარბა. ლათინური ამერიკის ქვეყნები ახლა ვირუსული პანდემიის გავრცელების ახალ ეპიცენტრად მიიჩნევა.
რეგიონში ყველაზე რთული ვითარება ბრაზილიაშია, სადაც 1,145,906 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილია 52,645 ადამიანი. ქვეყანა ორივე ამ მაჩვენებლით ახლა მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება და მას ჩინეთზე თუ მძიმედ დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებზე, იტალიასა და ესპანეთზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. სამშაბათს 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 39,436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე დროში კი 1,300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ: ბრაზილიაში 24 საათში კოვიდ-19-ით ინფიცირების 34,918 შემთხვევა დაფიქსირდა
პანდემიამ იმდენად სერიოზული მასშტაბები შეიძინა და კრიზისი იმდენად დამძიმდა, რომ ფედერალურმა მოსამართლემ ქვეყნის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს ნიღბის ტარება უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ყოველდღიური ჯარიმის, დაახლოებით 400 $-ის გადახდა მოუწევს.
სასამართლომ განმარტა, რომ ბოლსონარო ვირუსის გავრცელების შემზღუდავ ადგილობრივ რეგულაციებსა და კანონებს არღვევს. ქვეყნის პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობდა ნიღბის ტარებაზე ისეთ მასშტაბურ და ხალხმრავალ შეხვედრებზეც კი, სადაც მას უამრავ ამომრჩეველსა და მხარდამჭერთან, თუ მათ ბავშვებთან ჰქონდა ახლო კონტაქტი. ბოლსონარომ არაერთხელ ისაუბრა ვირუსზე, როგორც უბრალო გრიპზე და თქვა, რომ ყველა, ვინც ამ ვირუსით შეშოთებულია, "ნევროტიკია".
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამხრეთ ამერიკაში ვირუსის ასეთი მასშტაბური გავრცელება ერთობლივად რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის ბრალია. მათ შორისაა ფართოდ გავრცელებული სიღარიბე, მთავრობისადმი უნდობლობა და ბოლსონაროსა და მექსიკის პრეზიდენტის მსგავსი ლიდერების დამოკიდებულება, რომლებიც რეალური რისკების სერიოზულობას აკნინებდნენ და არასათანადოდ აფასებდნენ. შესაბამისად მკაცრი შემზღუდავი ზომებიც არ გაატარეს.
ასევე ნახეთ: ჯანმო: "პანდემია კვლავ ძლიერდება"სამხრეთ ამერიკაში გარდაცვალების მონაცემებიც სწრაფად იზრდება. მსოფლიოში კი ამ დროისთვის ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 477 000 ადამიანი. სულ კი ინფიცირების 9.2 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული.
თუმცა, შეერთებული შტატები კვლავ პირველია ორივე კატეგორიაში. ქვეყანაში ახლა 2.3 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა და 121 228 გარდაცვლილი. "ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, 7 შტატში ახლა ჰოსპიტალიზაციის იმაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ვიდრე ოდესმე, პანდემიის დაწყების დროიდან. ეს შტატებია: არიზონა, არკანზასი, კალიფორნია, ჩრდილოთ და სამხრეთ კაროლინა, ტენესი და ტეხასი.
ასევე ნახეთ: რამდენიმე საინტერესო სიახლე კორონავირუსზე