წელიწადნახევარზე მეტია, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. კიევის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნის შიგნით, 50-ზე მეტი რუსი სამხედრო უკვე გაასამართლეს.
უკრაინის მთავარი პროკურორის, ანდრეი კოსტინის თქმით, მათ ათობით საქმე გაგზავნეს უკრაინის სასამართლოებში და 50-ზე მეტ საქმეზე ბრალდებული პირების დანაშაული დაადასტურა.
რაც შეეხება ომის დანაშაულებს, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 98 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც კონკრეტული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებითაა გამყარებული.
ასევე ნახეთ: „მოსკოვის დეკლარაცია“ - სტალინის, რუზველტისა და ჩერჩილის ხელმოწერით„ჩვენ ამ დანაშაულებს ვიძიებთ და სასამართლოს განსახილველად გადავცემთ“, - ამბობს კოსტინი და განმარტავს, რომ აუცილებელია დროულად შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს შეისწავლის.
გაეროს მონაცემებით, ამ დროისათვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, 9 000-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის 535 ბავშვია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაღუპულ და დაშავებულ მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალური მონაცემებით დასტურდება.
ასევე ნახეთ: კრემლი ამბობს, რომ დასავლეთთან დიალოგის არხები უნდა შენარჩუნდესკიევი აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსეთს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, საავადმყოფოებზე, სახლებზე, თავშესაფრებზე, სკოლებსა და ბაღებზე მიზანმიმართული იერიში მიაქვს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთი ამ გზით ცდილობს ფსიქოლოგიურ ტერორი მოუწყოს მათ მოქალაქეებს.
კრემლი კიევის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს. რუსეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რუსული ჯარის ქმედებები შორსაა ომის დანაშაულისგან. კრემლი განმარტავს, რომ რუს სამხედროებს იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე არ მიუტანიათ.