საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს შეხვდა. გუშინ პრემიერი, ამერიკის პრეზიდენტს და ვიცე პრეზიდენტს შეხვდა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია გლობალური უსაფრთხოების დაცვაში და მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ ავღანეთში NATO-ს ძალებთან ერთად ბრძოლაში გაღებული მსხვერპლისთვის. ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევი მხარდაჭერა და მიესალმა საქართველოს მისწრაფებას გააგრძელოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია.
პრემიერისა და ვიცე პრეზიდენტის შეხვედრას შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც სურვილი გამოთქვა მისალმებოდა საქართველოს პრემიერს. ამის შესახებ ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის უმაღლესმა პირმა მას მტკიცე გზავნილები გადასცა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, პრემიერთან ერთად, იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე.