კრემლი: პუტინი ჯანმრთელადაა და ორეული არ ჰყავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 20 ოქტომბერი, 2023.

კრემლმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ავად იყო და ავადმყოფობის გადასაფარად ორეულს იყენებს.

„ის კარგად არის, ეს იყო მორიგი აბსოლუტური სიყალბე“ - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. მას კითხვა „ტელეგრამზე“ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, კვირა საღამოს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ინფორმაცია, წყაროს მითითების გარეშე ერთ-ერთმა „ტელეგრამ“ არხმა, მოგვიანებით კი, მასზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

ასევე ნახეთ: ვის დარჩება "ამადეა" - აშშ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის კონფისკაციას გეგმავს


პესკოვმა, პრეზიდენტის ორეულის შესახებ დასმული კითხვის პასუხად გაიცინა და თქვა, რომ მას ორეული არ ჰყავს.

„ეს მიეკუთვნება აბსურდულ საინფორმაციო სისულელეების კატეგორიას, რომელსაც მედიათა მთელი რიგი, შესაშური ჟინით განიხილავს. ეს ღიმილის გარდა არაფერს იწვევს“, - თქვა პესკოვმა.

ვლადიმირ პუტინი, 7 ოქტომბერს, 71 წლის გახდა. ის შეხვედრებისა და საჯარო გამოსვლების ინტენსიურ გრაფიკს ინარჩუნებს, რომელთაგან დიდი ნაწილი, ტელევიზიით გადაიცემა.

გასულ კვირაში, მისი ბოლო საჯარო დღის წესრიგი მოიცავდა ჩინეთში ვიზიტს, უკანა გზაზე, რუსეთის ორ ქალაქში გაჩერებით.

2020 წელს მიცემულ ინტერვიუში, პუტინმა უარყო დიდი ხნის განმავლობაში არსებული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ზოგიერთ საჯარო ღონისძიებაზე ორეულს იყენებს. თუმცა, მან თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით, წარსულში, ამ შესაძლებლობის გამოყენება შესთავაზეს.