კრემლი: ფხენიანთან არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა

კრემლმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროს, ორ ქვეყანას შორის „არანაირი შეთანხმება“ არ გაფორმებულა.

ვაშინგტონის შეშფოთების ფონზე, რომ ორ ქვეყანას, შეიარაღების შეთანხმების მომზადება შეეძლო, ჟურნალისტებს კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ესაუბრა. კიმ ჩენ ინმა, რუსეთში ვიზიტი 12 სექტემბერს დაიწყო.

ასევე ნახეთ: პუტინმა კიმ ჩენ ინისგან ჩრდილოეთ კორეაში მიწვევა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა ჩრდილოეთ კორეასთან უფრო დიდი თანამშრომლობის პერსპექტივაზე და თქვა, რომ არსებობს სამხედრო კავშირების "შესაძლებლობა", მიუხედავად ფხენიანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციებისა. კრემლმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო კიმის მოწვევა ჩრდილოეთ კორეაში, ვიზიტის თარიღის დასახელების გარეშე.

15 სექტემბერს, კიმმა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ქარხანა მოინახულა, რომელიც რუსეთის მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავებს ამზადებს. ამის შემდეგ, კიმი ვლადივოსტოკში უნდა გაემგზავროს, რათა დაათვალიეროს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი, უნივერსიტეტი და სხვა ობიექტები, განუცხადა პუტინმა რუსულ მედიას 12 სექტემბერს, “ვოსტოჩნის” კოსმოდრომზე კიმთან სამიტის შემდეგ.