კრემლი ამბობს, რომ ბაიდენი და ზელენსკი "რუსეთის ინტერესებს" იგნორირებენ

ხუთშაბათს, კრემლმა კიევს და ვაშინგტონს ბრალი დასდო, რომ მის ინტერესებს არ ითვალისწინებენ და განაცხადა, რომ აშშ უკრაინას რუსეთის დასასუსტებელ ბრძოლის ველად იყენებს.

ეს იმ დროს ითქვა, როდესაც პუტინი ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მიზანი ბრძოლის სწრაფად დასრულება იყო.

„ჩვენი მიზანი... ამ კონფლიქტის დასრულებაა. ჩვენ ამისთვის ვიღწვით. გვინდა უზრუნველვყოთ, რომ ის მთლიანად დასრულდეს და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი,“ უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ: რუსეთი ვერ გვიკარნახებს, რა დახმარება გავუწიოთ უკრაინას - კირბი

პუტინმა ასევე თქვა: „ყველა კონფლიქტი ასე თუ ისე მთავრდება, მოლაპარაკებებით...ჩვენი მოწინააღმდეგე (კიევში) ამას რაც უფრო სწრაფად გაიგებს, უფრო უკეთესი იქნება.“

მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა ბოლო თვეებში არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ. დიპლომატიური არხების დახურვა მათ პრეზიდენტ ზელენსკის დააბრალეს, რომელმაც თქვა, რომ სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.

უკრაინის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა ვაშინგტონში ისტორიული ვიზიტის შემდეგ, სადაც კონგრესს უთხრა რომ მისი ქვეყანა „ცოცხალია და მხნედაა“ და მისი მხარდაჭერა გლობალურ უსაფრთხოებაში ინვესტიციას წარმოადგენს.

პუტინმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ უკრაინისადმი დახმარებას კონფლიქტის გაწელვა შეეძლება. „ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, უნაყოფოდ აკეთებს. ეს კონფლიქტს მხოლოდ გაახანგრძლივებს და სულ ეს იქნება,“ უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.