კრემლისთვის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები მიუღებელია

ნატოს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, კრემლში ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებენ. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ჯო ბაიდენის განცხადებები რუსეთის პრეზიდენტისადმი უპატივცემულო იყო და განმარტავენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მათთვის მიუღებელია.

მოსკოვმა უყურადღებოდ ამერიკის პრეზიდენტის არცერთი განცხადება არ დატოვა, აქცენტი ჯო ბიადენის ორ კომენტარზე გაკეთდა. ერთი, სადაც ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტის წარდგენისას პუტინი გამოაცხადა, ნათქვამი მალევე გამოასწორა, სამიტის მიმდინარეობისას კი რუსეთის პრეზიდენტი „მკვლელ გიჟად“ მოიხსენია. მეორე კი კამალა ჰარისზე საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხსენება იყო, კრემლში ამბობენ, რომ ეს შენიშნეს, თუმცა ეს „უფრო მეტად ამერიკის შიდა პოლიტიკური საკითხია“.

ასევე ნახეთ: ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ მთელმა მსოფლიომ ყურადღება მიაქცია იმას, რაც მოხდა, აქ ჩვენგან დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ეს აშკარაა“,- თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატოს სამიტზე ვლადიმირ პუტინის „გიჟ მკვლელად“ მოხსენიება, მოსკოვისთვის მიუღებელია. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ჯო ბაიდენს ამერიკის „კარგ პრეზიდენტად არ აქცევს“.

ჯო ბაიდენის მხრიდან ვლადიმირ პუტინის მკვლელად მოხსენიება ახალი არ არის. წარსულში, 2021 წელს ჯო ბაიდენმა სატელევიზიო ინტერვიუსას პუტინს „მკვლელი“ უწოდა, მოგვიანებით 2024 წლის თებერვალში კი აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „გიჟი ნაბი.....ა“.