კრემლი აცხადებს, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება ვითარებას არ შეცვლის

დმიტრი პესკოვი, კრემლის პრეს სამსახურის უფროსი

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური იარაღის შემდგომი მიწოდება ომის ესკალაციას გამოიწვევს.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატოს წევრები უფრო მეტად ერთვებიან კონფლიქტში, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მათ მიერ იარაღის მიწოდება არ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას.

"უკრაინა ითხოვს უფრო და უფრო მეტ იარაღს", - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი მელნიკის საჯარო მოთხოვნაზე გერმანიის მიმართ, კიევისთვის წყალქვეშა ნავის გაგზავნის შესახებ.

ასევე ნახეთ: უკრაინული სატანკო ბატალიონის წევრები წევრთნებისთვის ბრიტანეთში იმყოფებიან

”დასავლეთი ახალისებს ამ მოთხოვნებს და ადასტურებს მზადყოფნას მიაწოდოს მათ ეს იარაღი”, - თქვა მან.

„ეს ჩიხური ვითარებაა: ეს იწვევს მნიშვნელოვან ესკალაციას, ნატოს ქვეყნების უფრო და უფრო პირდაპირ ჩართულობას კონფლიქტში - მაგრამ ეს ვერ შეცვლის მოვლენების მიმდინარეობას“, - თქვა პესკოვმა.

გასულ კვირას გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უკრაინას საბრძოლო ტანკებს მიაწვდიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დასავლეთი უკრაინას თავდასხმით იარაღს აწვდის, რუსული ძალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.