სამშაბათს კრემლმა „ხულიგნობად“ შეაფასა რუსი ჟურნალისტის მიერ განსხვავებული აზრის გამოხატვა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ახალი ამბების გამოშვების პირდაპირ ეთერში ბანერით ხელში გამოვიდა და უკრაინაში ომი დაგმო.
ორშაბათ საღამოს, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის წამყვანის ზურგს უკან, გამპროტესტებელმა პლაკატი გამოფინა და უკრაინაში ომის დამგმობი მოწოდებები წამოიძახა.
კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო არხს ხოტბა შეასხა, როგორც ობიექტური და დროული ახალი ამბების ბურჯს და მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა: „ქალს რაც შეეხება, ეს ხულიგნობაა. არხი და ვისაც ეს ეხება, ამ საკითხს სრულად გაარკვევენ“.
ადამიანის უფლებადამცველი „აგორა“ ჯგუფის თანახმად, სახელმწიფო ტელევიზიაში გამპროტესტებლი მარინა ოვსიანიკოვაა, პირველი არხის თანამშრომელი.
ასევე ნახეთ: რუსეთში 12 700 ადამიანი, ომის პროტესტის გამო დააკავეს - გაეროს უმაღლესი კომისარირუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ტასს“-მა სამართალდამცავებზე დაყრდნობით თქვა, რომ სამშაბათს, სახელმწიფო გამომძიებლები განიხილავდნენ საკითხს, შეიძლება თუ არა გამპროტესტებლის დასჯა ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც 15 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.
ახალი კანონი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რვა დღის შემდეგ მიიღეს და მიზნად ისახავს რუსეთის არმიის დისკრედიტაციის უკანონოდ გამოცხადებას, ყალბი ახალი ამბების გავრცელების აკრძალვას ან რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „განზრახ ყალბი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების“ შეზღუდვას.
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის პრეს-მდივანმა რავინა შამდაზანიმ ჟურნალისტი შეაქო, როგორც "გაბედული" და თქვა: „ხელისუფლებას დაჟინებით უნდა მოვუწოდოთ, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო, ის სამაგიეროს გადახდის წინაშე არ აღმოჩნდეს".
გასულ კვირაში, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელემ, რუსეთში ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების დაპატიმრებების და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ შეშფოთება გააჟღერა.