კოსოვო ამბობს, რომ სერბეთის ქცევები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ქმედების იდენტურია

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის, როგორც ახლა სერბეთი კოსოვოსთან მიმართებაში იქცევა, ძალიან ჰგავს რუსეთის ქმედებებს, უკრაინაში ომის დაწყებამდე. კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირს მოუწოდა, ბელგრადს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი შეუჩეროს.

პარასკევს, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ კოსოვოს საზღვრის გასწვრივ სერბეთის შემაშფოთებელ სამხედრო ფორმირებას აკვირდება. ამერიკის მთავრობის განცხადებით, ეს ტერიტორიის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ნატო კი აცხადებს, რომ კოსოვოში დამატებით სამშვიდობო ძალებს აგზავნის.

„ბოლო წლებში არასდროს ყოფილა ჯარების ასეთი კონცენტრაცია“, - განუცხადა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დონიკა გერვალა-შვარცმა გერმანულ მაუწყებელს "დოიჩლანფანკს" ინტერვიუში. „იარაღი, რომელიც მათ იქ აქვთ განლაგებული, მათ შორის, ტანკები - გვაძლევს ცუდის ფიქრის მიზეზს, რადგან არ ვიცით, როგორ უპასუხებს საერთაშორისო საზოგადოება ამ ყველაფერს", - თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, მხოლოდ ჯარების კონცენტრაცია არაა პრობლემა და პრობლემას ასევე წარმოადგენს სერბეთის რიტორიკა და მისი „მეთოდებიც“, რაც უკრაინის მიმართ რუსეთის ქცევის მსგავსია.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გასულ კვირას განაცხადა, რომ არ აპირებდა ჯარისკაცებისთვის კოსოვოს საზღვრის გადაკვეთის ბრძანება გაეცა, რადგან კონფლიქტის ესკალაცია ზიანს აყენებს ბელგრადის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.