ორშაბათს, საზღვართან კვირაზე მეტხანს დაკავების შემდეგ, სერბეთმა გაათავისუფლა სამი კოსოვოელი პოლიციელი. ამ ნაბიჯმა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მზარდი დაპირისპირება შეამსუბუქა.
პოლიციელები, რომლებიც სერბეთის სასამართლოს განჩინებით გაათავისუფლეს, კოსოვოს საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეებს გაეხუმრნენ და პოლიციის ჯიპით გაემგზავრნენ უკან. ევროკავშირი ამ ნაბიჯს მიესალმა და კოსოვოს და სერბეთს მოუწოდა მიმდინარე კრიზისის განსამუხტად შემდგომი ნაბიჯები გადადგან, მათ შორის ჩრდილოეთ კოსოვოში ახალი ადგილობრივის არჩევნები ჩაატარონ.
ბლოკის საგარეო საქმეების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა მხარები გააფრთხილა, რომ თუ ერთი ან მეორე მთავრობა ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით არ წავა, ევროკავშირი მის წინააღმდეგ „პოლიტიკურ და ფინანსურ“ ზომებს მიმართავს.
სერბეთმა განაცხადა, რომ პოლიციელები სერბეთის ტერიტორიაზე 14 ივნისს დააკავეს. პროკურორებმა მათ ბრალად იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების უნებართვო წარმოება, ფლობა, ტარება და ტრეფიკინგი წაუყენეს.
კოსოვო ამბობს, რომ პოლიციელები მისი ტერიტორიიდან გაიტაცეს და მათ გათავისუფლებას ითხოვდა. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმაც იგივე მოთხოვნა გაახმოვანეს.
სერბეთის სასამართლომ „დაადასტურა ზემოთნახსენები ბრალდებულების წინააღმდეგ წაყენებული საბრალდებო დასკვნა და ბრალდებულების დაკავების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო,“ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლო განჩინებამ, სერბეთის ხელისუფლებას უფლება მისცა მათ წინააღმდეგ ბრალდებები შეინარჩუნოს და იმავდროულად სამივეს კოსოვოში, სერბეთის სასამართლოს წვდომის მიღმა დაბრუნების უფლება მისცა.
გასულ თვეში, ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტებში დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მერების თანამდებობები ეთნიკურმა ალბანელებმა დაიკავეს. ეთნიკურმა სერბებმა, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობას წარმოადგენენ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 3,5 პროცენტმა მისცა. მერების ოფისებში შესვლის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა, რაც ძალადობაში გადაიზარდა დემონსტრანტებსა და ადგილზე ნატოს მშვიდობისმყოფელებს შორის.
ბრიუსელმა და ვაშინგტონმა კოსოვოს მოუწოდა ამ ადგილებიდან პოლიცია და მერები გაიყვანოს და ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ხოლო ბელგრადს, ადგილზე დემონსტრანტების წაქეზების მცდელობის დასრულება მოსთხოვეს.