კოსოვო: ექსპერტები გაეროს სასამართლოს ვერდიქტზე მსჯელობენ

რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას?

რა გავლენას მოახდენს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებისა და დამოუკიდებლობის მოსურნე რეგიონების მომავალზე?

გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სკენდერ ჰუსენიმ ჟურნალისტებს განუცხადა:

„სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ცნობა იყო. ამ ამბავს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბალკანეთის დასავლეთ რეგიონების სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ეს გადაწყვეტილება ასევე ძალიან მნიშვნელოვნია მთელი ევროპისთვის, რამეთუ საერთაშორისო სასამართლომ დაამტკიცა ის, რაც კოსოვოს მოსახლეობამ ისედაც დაადგინა 2008 წლის თებერვალში, როცა ჩვენ დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოვაცხადეთ."

თავის მხრივ, სებეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიუკ იერემიჩმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ცვლის ოფიციალური ბელგრადის პოზიციას და რომ მისი ქვეყანა არასდროს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

სერბმა მინისტრმა დასძინა, რომ არავითარ შემთხვევაში, სერბეთი არ აპირებს კოსოვოს რესპუბლიკის ერთპიროვნული დამოუკიდებლობის ცნობას.

ბალკანეთში არსებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია -ტრანსკონფლიქტის ერთერთი დამუფძნებელი იან ბანკროფტი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ანგარიშგასაწევია და რომ სერბეთს ხისტი პოლიტიკისა და მიდგომის შეცვლა მოუწევს.

ვნობილია, რომ ამერიკა მიესალმა სასამართლოს ვერდიქტს. თუმცა კოსოვოელ სერბებსა და ალბანელებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

ამ ფონზე, ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი განსაკუთებული შედეგი და გავლენა არ ექნება. დამოუკიდებლობის მოსურნე რეგიონები, ისევე როგორც სეპარატისი ძალები კვლავაც გააგრძელებენ დამოუკიდებლობისკენ ლტოლვას.
მისი განცხადებით, რუსეთის ოპოზიცია კოსოვოს აღიარებისადმი თავად ამ ქვეყნის მრავალეთნიკური შემადგენლობით არის განპირობებული: მოსკოვს სულაც არ აწყობს ასეთი პრეცედენტის არსებობა მსოფლიოში, და მეორეც, კრემლი სერბეთის მჭიდრო მოკავშირეა და მას ყოველთვის დაუჭერს მხარს.

ექსპერტების აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ახლა გაეროს გენერალურ ასამბლეას გადაეცემა, სადაც კოსოვოს საკითხზე დებატები სექტემბრისთვის იგეგმება.