ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ პოლ გობლთან


ევრაზიის საკითხების ექსპერტი კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ორშაბათს, 2 აგვისტოს, ამერიკის ხმის აზერბაიჯანულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ევრაზიის საკითხების ექსპერტს ბატონ პოლ გობლს.

აი რა აზრის არის გობლი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეეხო:

„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ის სასამართლოები, რომლებიც საკუთარი გადაწყვეტილებებით სამართალს ქმნიან, ყოველთვის ცდილობენ შეზღუდონ გადაწყვეტილებების გამოყენების სფერო. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სასამართლოში დიდი შიში იყო იმისა, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარის სასარგებლოდ იქნებოდა ის, სხვა ქვეყნები მყისვე გამოიყენებდნენ. ამდენად საერთაშორისო სასამართლო ცდილობდა იურიდიული კონტექსტის შექმნას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომხდარს გაამართლებდა, მაგრამ იმავდროულად არ მისცემდა გამამართლებელ საბაბს მსოფლიოს სხვა რეგიონებს, რომლებიც თვით-გამორკვევასა ან გამოყოფას ლამობენ.“

გობლს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი სიფრთხილით დაიწერა და მასში არ არის მოცემული რაიმე ზოგადი პრინციპი, რომელიც სხვა შემთხვევებში შეიძლება იქნას გამოყენებული. მისი თქმით:

„იმავდროულად სასამართლოს აშკარად არ უნდოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ისეთ გზავნილს მიაწვდიდა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, რომ თითქოსდა საერთაშორისო თანამეგობრობა გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა იმ ზომას, რომელსაც ცენტრალური მთავრობა გამოიყენებს რეგიონების თვით-გამორკვევისა ან გამოყოფის თავიდან აცილების მიზნით. ეს ბასრი დანის წვეტზე ბალანსს მაგონებს, მაგრამ სწორედ ამას ცდილობდა სასამართლო, ჩემი აზრით.“

გობლმა აღნიშნა, რომ 1945 წლიდან 1989 წლამდე ევროპამ თავისი განვითარების მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი განვლო სახელმწიფო საზღვრების ცვლილებების გარეშე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ისტორიაში მანამდე არცერთხელ არ ყოფილა 44-წლიანი პერიოდი რომლის დროსაც ევროპის კონტინენტზე არ შეცვლილა სახელმწიფო საზღვრები. შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობაში დამკვიდრდა დამოკიდებულება,რომელიც არსებული სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობას ემხრობა. შემდეგ საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია დაიშალა. ხოლო ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად ორ სახელმწიფოდ გაიყო. სახელმწიფო საზღვრების ასეთმა სწრაფმა ცვლილებამ საერთაშორისო თანამეგობრობაში დიდი შეშფოთება გამოიწვია რადგან ის სახელმწიფოებისგან შედგება. ხოლო სახელმწიფოები კი უწინარეს ყოვლისა სტაბილურობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებულები. მაგალითად, 1992 წლის თებერვალში შეერთებული შტატების მთავრობამ გააკეთა განცხადება რომლის თანახმადაც ვაშინგტონი უარს ამობდა პოსტ-საბჭოურ სივრცეში სეპარატიზმის აღიარებაზე, რაც საკმაოდ უჩვეულო იყო რადგან მანამდე ამერიკა ყოველთვის ერების თვით-გამორკვევას უჭერდა მხარს.

„მე ვფიქრობ, კოსოვოსთან მიმართებაში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაგების გარეშე შეუძლებელია იმის აღქმა, თუ რა ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდებოდნენ, მაგრამ მათ მოქმედებას უმძიმესი შედეგები მოჰყვა. აქვე მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვნაც, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა სულ უფრო ბევრს მოუნდება კოსოვოსთან პარალელების გავლება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში,“ აღნიშნა გობლმა.

ინტერვიუს დასასრულს გობლმა შემდეგნაირად დაახასიათა რუსეთის პოზიცია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

„რუსეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა იმის გამო, რომ ერთის მხრივ ის ტრადიციულად სერბეთის მეგობარი გახლავთ და კოსოვოსთან დაკავშირებით მას სერბეთის ღალატი არ სურს. მაგრამ მეორეს მხრივ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისას მოსკოვმა სწორედ კოსოვოს დამოუკიდებლობის პრეცედენტი გამოიყენა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ რუსეთს სურს კოსოვოს პრეცედენტის გამოყენება მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. ეს იმით აიხსნება, რომ რუსეთის ფედერაცია არის სახელმწიფო, რომელიც პოტენციურად ყველაზე მეტ ტერიტორიას დაკარგავს იმ შემთხვევაში თუ მასში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო აღიარებას მიაღწევენ. საერთაშორისო სასამართლოს კოსოვოს გადაწყვეტილების მიმართ რუსეთის ოფიციალური პირების ესოდენ მოზომილი და თავშეკავებული განცხადებები სწორედ ამ შიშით არის განპირობებული.“

XS
SM
MD
LG