ჩრდილოეთ კორეა ამერიკას „წინმსწრები ბირთვული შეტევებით“ აფრთხილებს
ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებს ბირთვული დარტყმით ემუქრება. ამის მიზეზი კი გაეროს უშიშროების საბჭოში მომზადებული რეზოლუციის პროექტია, რომელიც ფხენიანს ბოლო ბირთვული გამოცდის გამო საერთაშორისო სანქციებს უწესებს. დღეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ფხენიანი იტოვებს უფლებას განახორციელოს „წინმსწრები ბირთვული შეტევები აგრესორის შტაბბინების მიმართულებით“. ფხენიანი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია, რადგან შეერთებული შტატები ბირთვული ომის გაჩაღებას ცდილობს. მართალია ჩრდილოეთ კორეამ უკვე განახორციელა ბირთვული იარაღის გამოცდა, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, გააჩნია თუ არა მას გრძელი რადიუსის ბირთვული ქობინები.