კინზინგერი: მოვუწოდებ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საქართველოში საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რეფორმის მნიშვნელობასა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე ისაუბრა.

„დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ მეორე მოსმენით [ცვლილებები] გავიდა, როგორც ვხვდები, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით. მინდა ყველას მივულოცო ვინც [ცვლილებებს] ხმა მისცა. ეს პოზიტიური ნაბიჯია. ვიცი, რომ პროცესი არ დასრულებულა. ამავდროულად, მე მოვუწოდებ 8 მარტიs შეთანხმების სრული შესრულებისკენ. არ ვაპირებ შევიდე იმის განხილვაში, ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი ან რა უნდა გაკეთდეს კიდევ. ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენი საქმეა ორივე მხარეს ხელი შევუწყოთ რომ ითანამშრომლონ“, - განაცხადა კინზინგერმა.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლება, კინზინგერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული.

ასევე ნახეთ: პარტნიორები პოლიტიკურ ძალებს 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ

„რვა მარტის შეთანხმება, რომელსაც ყველა მხარემ მოაწერა ხელი, უნდა შესრულდეს. ამის დეტალებზე არ გავაკეთებ კომენტარს. ყველამ ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა იცის ეს და ყველამ უნდა შეასრულოს ის. მთავარი ესაა. პარლამენტში კარგი პროგრესი ვიხილეთ, ხმის მიცემის კიდევ ერთი ეტაპი უნდა ჩატარდეს და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი უნდა იქნას გადადგმული. რვა მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, დეტალებს მხარეებს დავუტოვებ და ვაცლი ჩვენს საელჩოს ამაზე საუბარს“, - თქვა მან.

8 მარტს, საქართველოში შეერთებული შტატებს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის შუამდგომლობით, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას 2020 წლის არჩევნების 120/30 (პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები, შესაბამისად) გადანაწილებით ჩატარებაზე და ასევე სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის ნიშნების აღკვეთაზე.

ასევე ნახეთ: 2 გადამწყვეტი ხმა და ერთი ნაბიჯი საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად 

შეთანხმების შინაარსი მოგვიანებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის დავის საგანი გახდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს ნაწილი მათი თქმით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა. ხელისუფლება ამას უარყოფდა. თუმცა, საერთაშორისო პარტნიორების და მოდერატორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პოლიტიკურმა ლიდერებმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს, მაგრამ პატიმრობაში რჩება გიორგი რურუა. რურუა ოპოზიციის განცხადებით კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლდეს. თუმცა მთავრობა ისევე როგორც წინა ორი ლიდერების, რურუას შემთხვევაშიც, ამაზე შეთანხმებას უარყოფს.

კინზინგერმა, რურუაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას.

„ყველა ქართველი იმსახურებს პარლამენტს, რომელიც მათ წარმოადგენს და ეს ნაბიჯები ამისკენ იდგმება. ყველა ქართველი იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოს. რაც არ უნდა ვთქვა, ვიცი რომ მხარეები ამას აიღებენ და ისე შეატრიალებენ როგორც სურთ. მე არავის მხარეზე არ ვარ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ის რასაც იმსახურებს“, - განაცხადა კონგრესმენმა.

ასევე ნახეთ: კინზინგერი: მოველი შეთანხმების შესრულებას

საქართველოს პარლამენტმა, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების კანონპროექტს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეტწილად პროპორციული წესით ჩასატარებლად, 115 ხმით დღეს, მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენის კენჭისყრაში „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მონაწილეობა არ მიუღია, 115 ხმა საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად.

„ევროპულმა საქართველომ“ პირველ მოსმენაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა იმ მიზეზით, რომ ჩავარდნის შემთხვევაში მის ხელახალ ინიცირებას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა, თუმცა მეორე მოსმენაზე მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით მათ მისცეს დრო ხელისუფლებას გიორგი რურუას გასათავისუფლებლად ისე, რომ კანონპროექტის განხილვა საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არცერთ მოსმენაში არ მიიღო მონაწილება და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ გიორგი რურუა საპატიმროში რჩება.