ქალები მეიდანზე

გასულ თვეს კიევში მოხალისეთა ბრიგადები შეიქმნა, რომელშიც ყველა ასაკის ქალები გაერთიანდნენ
კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე დემონსტრანტები და მათი მხარდამჭერები რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ აქციებს. მათ, ვინც ბარიკადებზე აქციის მონაწილეებს პოლიციისგან იცავდა , უკრაინაში გმირები შეარქვეს, პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაღუპულებები კი ქვეყნის ისტორიაში წამებულის სახელით შევიდნენ.

საპროტესტო აქციების დროს უკრაინელი ქალები ძირითადად მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებდნენ. ისინი ამზადებდნენ საკვებს, ეზიდებოდნენ აგურებს და ბარიკადებზე მდგომ მამაკაცებს სენდვიჩებს და ცხელ ჩაის უმზადებდნენ.

„ჩვენი კაცები, რადგანაც ბარიკადებზე დგანან , თვლიან, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა ქალებს აქ არანაკლები ფუნქცია გვაკისრია,“ - ამბობს უსაფრთხოების მოხალისე ნინა.

ბარიკადებთან მდგარი ეს ახალგაზრდა ქალი „ამერიკის ხმას“ ნინას სახელით გაეცნო , თუმცა ჩვენს წინაშე სახეს მაინც გულმოდგინედ მალავს. ნინა ერთერთია იმ უკრაინელ ქალებს შორის, ვინც ძველი სტერეოტიპი დაანგრია და მამაკაცების მხარდასაჭერად ბარიკადებზე გავიდა.

„ საჭმლის კეთებაც ვიცი, რეცხვაც და ლაპარაკიც. ორგანიზებული ადამიანი ვარ და ბრძოლაც შემიძლია.“

ბოლო დროს უკრაინაში ბევრი ქალი შეეცადა, საპროტესტო აქციების საშუალებით საკუთარ ცხოვრებაშიც მოეხდინა რევოლუცია.

ალექსანდრა ნაზაროვა ერთერთი სამთავრობო ორგანიზაციის დაცვის სამსახურში ღამით მუშაობს. მას შენობის გაკონტროლება ევალება, რათა ოფისიდან რაიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ დაიკარგოს.

„ჩემი მიზანია, სხვა ქალებიც გააქტიურდნენ და დაინახონ , რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.“

გასულ თვეს კიევში ქალთა ბრიგადები შეიქმნა, რომელშიც ის უკრაინელი გოგონები გაერთიანდნენ, ვისაც მამაკაცების მხარდაჭერა სურდა.

„წინა ხელისუფლების დროს ჩვენ საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის ვიბრძოდით. თუ ეს პრობლემა ახლავე არ გადავჭერით, მაშინ ჩვენს ბრძოლას აზრი არ ქონდა.“

უკრაინაში საპროტესტო აქციებას ყველა თაობის ქალი უჭერდა მხარს. მარია ალექსეინკო უკრაინელ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარეა და ამბობს, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია:

„ უკრაინელ ქალებს მიეცათ საშუალება, თავად გადაეწყვიტათ, თუ რა როლს შეასრულებდნენ ამ სიტუაციაში. ისინი მიხვდნენ, რომ ვალდებული არიან საკუთარი ცხოვრება თავად წარმართონ.“

უკრაინაში სამთვიანი პოლიტიკური ბატალიები კვლავაც გრძელდება. კიევის დამოუკიდებლობის მოედნის ერთერთ ბილბორდს ყოფილი პრემიერი მინისტრის იულია ტიმოშენკოს ფოტო ამშვენებს. თუმცა ტიმოშენკო გამონაკლისი შემთხვევაა. უკრაინელ ქალებს ბევრად უფრო მტრადიციული ფუნქცია აკისრიათ, რაც სავარაუდოდ, ქვეყნის ახალი თაობისთვის როგორც ჩანს სწრაფად შეიცვლება.