ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რუსი მესაზღვრეები ადამიანთა ბედით ხშირად ვაჭრობენ და მათი ციხიდან დახსნის სანაცვლოდ, სხვადასხვა ტიპის ულტიმატუმს აყენებენ.
ამ დროისთვის განსაკუთრებული წნეხის ქვეშაა რამდენიმე ოჯახი, რომელთა წევრები ცხინვალში არიან გატაცებული. მათ შორისაა ქვემოჭალელი ზაზა გახელაძის, ზარდიანთკარელი გენადი ბესტაევისა და ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები დათა ვანიშვნილის ოჯახები. რაც შეეხება, ზარდიანთკარელ 63 წლის მირიან თაზიაშვილს, მან ცხინვალის საპყრობილე 22 დეკემბერს, შუადღის 3 საათზე დატოვა.
„ძალიან კარგად ვარ. ძალიან კარგად გვექცეოდნენ, უმაღლესად. თვითონ თანამშრომლებიც, ბოლოს პროკურორიც კარგად მომექცა, მოსამართლეც, ყველანი. ჩვენს მიმართ, ქართველების მიმართ, აგრესიულები არ არიან. მაგათაც რუსები ეჯავრებათ,“- ამბობს მირიან თაზიაშვილი.
ახლახან გათავისუფლებულ თაზიაშვილს "ამერიკის ხმამ" ცხინვალის ციხის სხვა პატიმრებზეც ჰკითხა.
„ბესტაევი და გახელაძეც კარგად არიან. გახელაძემ ოსური არ იცის. მე გადავედი მაგასთან. „კამერაში“, ერთად ვიყავით. კარგად არის. შვილებზე დარდობს. ენა რომ არ იცის, ამიტომ უჭირს. ოსებმა ქართული არ იციან და მან ოსური და აბა, როგორ იქნება? მე ვიცი ოსურად ლაპარაკი," - აცხადებს მირიან თაზიაშვილი.
ოკუპაციის ხაზი
33 წლის ზაზა გახელაძე, ოჯახთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში ცხოვრობს. ამ წლის 11 ივლისს ის, მეგობართან ერთად, სხვილოს ციხის მიმდებარედ იმყოფებოდა. ეს ადგილი ტირიფონის ველის სიახლოვესაა. ზაზას თან ჰქონდა კუთვნილი (ოფიციალურად რეგისტრირებული) სანადირო თოფი. ადგილზე, რომლის დეტალური მდებარეობა მოგვიანებით ზაზას მეგობარმა (ინციდენტის თვითმხილველმა) აღწერა და რომელიც, საქართველოს კონტროლირებულ არეალში მდებარეობს, უეცრად გამოჩენილმა რუსმა მესაზღვრეებმა გახელაძეს ცეცხლი გაუხსნეს.
ზაზას მეგობარმა თავს გამოქცევით უშველა, თავად გახელაძე კი რუსმა მესაზღვრეებმა ფეხში დაჭრეს.
Your browser doesn’t support HTML5
ინციდენტის შემდეგ, დე-ფაქტო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაზა გახელაძემ ცეცხლი რუსი მესაზღვრეების მიმართულებით გახსნა, რასაც ისინი საპასუხო სროლით გამოეხმაურნენ. შემთხვევის ამგვარ ვერსიას არც თვითმხილველი ადასტურებს და არც მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვი ხსნის.
ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ზაზას მიერ გასროლის თაობაზე ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა.
„ვინ არის თვითმხილველი, რომ ჩემი შვილი თავს ვინმეს დაესხა? არც დაჭრილია იქით არავინ, არც დაშავებული. ჩემი შვილია დაჭრილიც და დაშავებულიც. მაშინ, ბრმა ყოფილა ჩემი შვილი, თუ მიზანმიმართულად მათი დაჭრა უნდოდა და ვერ მოახვედრა. ჯერ აბრალებდნენ რვა გაისროლაო, მერე ათიო, მერე სამი. ბოლოს ხუთი თქვეს. ამის თოფი "ხუთიანი" იყო და ეტყობა, ეს გაიგეს და მე მგონი, არც გაუსროლია. ჩვენ სიმართლეს ვერ დავადგენთ, სანამ ზაზა არ გამოვა“, - ამბობს ბენტური.
ოჯახი იმის თაობაზეც წუხს, რომ ზაზას დაკავება საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
„ვისი კონტროლირებადია, იმათი? ჩვენია, მაგრამ სხვას ამბობენ. დღესაც, სახლიდან რომ წამიყვანონ და თქვან, ჩვენი კონტროლირებადიაო, ეგეც შეიძლება. ასეთ შემთხვევაში, უნდა დავტოვო სახლი და წავიდე აქედან, მეტი გზა რა იქნება, რავიცი“, - უთხრა "ამერიკის ხმას" ნანა ბუნტურმა.
Your browser doesn’t support HTML5
უკანონო დაკავებები კონფლიქტის ზონაში არც თუ იშვიათი მოვლენაა, თუმცა ზაზა გახელაძის ინციდენტს ის გამოარჩევს, რომ ეს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, სროლისა და ცეცხლსასროლი იარაღით მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრის პირველი შემთხვევაა.
დაჭრილის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია "საერთაშორისო წითელმა ჯვარმა" ოჯახს დაკავებიდან ორი თვის შემდგომ აცნობა. ამ პერიოდის განმავლობაში დე-ფაქტო ადმინისტრაცია, ცხინვალში მომუშავე ერთადერთ საერთაშორისო მისიას, უფლებას არ აძლევდა ამბავი მოეკვლია.
მირიან თაზიაშვილმა ზაზა გახელაძის გვერდით რამდენიმე კვირა გაატარა. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ამ დროისთვის ზაზა გახელაძეს ჭრილობა მოშუშებული აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილებაც თავისუფლად შეუძლია.
„ფეხი მოურჩა, ძაან კარგად აქვს, სულ მთლად შეხორცებული აქვს, არც კოჭლობს და არც არაფერი“, - ამბობს ის.
მირიან თაზიაშვილი საუბრობს იმაზე, თუ რატომ გაჩნდა ზაზას დაკავების შემდეგ ვერსია სროლის თაობაზე.
„[რუს მესაზღვრეს] უთქვამს, რომ დამიმიზნა და ეგრე მესროლაო. ზაზა ამბობს, მე ჰაერში ვისროლეო. რუსი კიდევ ხომ იცი, მაგათი ტყუილი გავა და ჩვენი მართალი არ გავა. ოსებს კიდევ ეცოდებათ ზაზა. მე მგონი, რომ შეიწყალებენ. აქედანაც თუ დაეხმარნენ, კარგი იქნება. მე მგონი, პარასკევს აქვს სასამართლო", - ამბობს თაზიაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
თავად მირიან თაზიაშვილის თაობაზე, დე-ფაქტო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ჩვენთან საუბრისას, ის ამბობს, მას ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„იქ დავიბადე, იქ გავიზარდე, საძმაკაცო იქით მყავს, დედის ბიძაშვილები იქით მყავს, აბა სად წავიდე? ეს ზარდიანთკარი კიდევ სულ დაიცალა,“- გვეუბნება მირიან თაზიაშვილი.
დაკავებების სერია
ცხინვალის ციხეში ამ დრომდე რჩება ზარდიანთკარიდან გატაცებული გენადი ბესტაევი. ის გასული წლის 21 ნოემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მისი სახლი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.
"ამერიკის ხმასთან" მისმა დამ, ნაირა გუდაძემ ისაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ გენადის სახლი, მისი დაკავების შემდეგ, რუსმა მესაზღვრეებმა „დალუქეს“. შეძლებს თუ არა ბესტაევი გათავისფლების შემთხვევაში, საკუთარ სალხში შესვლას, უცნობია.
ნაირა გუდაძის თქმით, შესაძლოა, რუსული მხარე ბესტაევის სახლს უკვე ოკუპაციის ქვეშ მოიაზრებს და თუ ის იქ შესვლას მოინდომებს, კვლავ დააკავონ. აღსანიშნავია, რომ ბესტაევი ერთ-ერთია ვისაც მრავალჯერადი დაკავების გამოცდილება აქვს. ის ცხინვალის ციხეში უკვე მეხუთედ მოხვდა.
მირიან თაზიაშვილის მონაყოლის თანახმად, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ოსები ცუდი თვალით არ გვიყურებენ. რუსები ეჯავრებათ მაგათაც. ჩვენზე ძაან, მაგათ ეჯავრებათ, რადგან ქალაქში ბევრნი ჩასახლდნენ,", - ამბობს ის.
მირიან თაზიაშვილს მხედველობაში აქვს ცხინვალში ეთნიკური რუსი მოსახლეობის წილის ზრდა, რაც უკანასკნელ წლებში ფიქსირდება და რის თაობაზე ადგილობრივი ოსები უკმაყოფილებას გამოხატავენ.
დაუსრულებელი წრე
დე-ფაქტო ადმინისტრაცია განსაკუთრებით გაუსაძლის მდგომარეობას უქმნის მალხაზ ვანიშვილს (ქურთაევს). საზოგადოებისთვის მალხაზი იმითაა ცნობილი, რომ ის ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები, დათა ვანიშვნილის შვილიშვილია.
88 წლის მოხუცი, რომელიც წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რეჟიმის სამიზნეა, რადგან ის ყოველდღიურად, ღიად აფიქსირებს საქართველოს მოქალაქეობისა და მისი ერთგულების თაობაზე პოზიციას. 88 წლის დათა ვანიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა რამდენჯერმე დაატყვევა. ზეწოლა ხორციელდება მისი ოჯახის წევრების მიმართაც.
სხვადასხვა დროს, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გახლდათ დათა ვანიშვილის ქალიშვილი, ნანა ვანიშვნილი. ტყვეობის შემდგომ მას მრავალწლიანი საგანგებო რეაბილიტაცია დასჭირდა. სამჯერ დააკავეს ასევე მისი შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვნილი (ქურთაევი), ხოლო მისი ცოლი თათია ადიკაშვილი, ორჯერ.
უკანასკნელად, ახალგაზრდა წყვილს თავისუფლება ორი კვირის წინ აღუკვეთეს. ისინი ახალგორში გადაიყვანეს. 8 თვის ფეხმძიმე, თათია ადიკაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, "წითელი ჯვრის" მისიის მანქანით ახალგორიდან გამოუშვეს, მალხაზი კი დაიტოვეს და ოჯახის თქმით, მას ულტიმატუმი წაუყენეს: ან უნდა დატოვოს დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორია და წავიდეს საცხოვრებლად ჩრდილო ოსეთში, სადაც დედამისი ცხოვრობს, ან კიდევ ერთხელ დააკავებენ და ამჯერად 6 წელს მიუსჯიან.
Your browser doesn’t support HTML5
მალხაზის გათავისუფლებას, ხურვალეთში, მისი ოჯახი 23 დეკემბერს ელოდა, თუმცა, როგორც "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ბებიამ, ვალია ვანიშვნილმა განაცხადა, ის ცხინვალში გადაიყვანეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება. ბებია შვილიშვილის ბედზე ღელავს. ამ დროისთვის ოჯახისთვის უცნობია როგორც მალხაზის ადგილსამყოფელის, ისე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პოზიტიურ სიახლეებს კონფლიქტის ზონაში, ცხინვალის ციხის ტყვეების თაობაზე, როგორც მალხაზის ოჯახი, ისევე ბევრი სხვა, ყოველდღიურად ელიან. თუმცა მოლოდინი, დაუსრულებელია.