ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოს დატოვებას აპირებენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველ საბჭოში დაკავებულ პოზიციებს ტოვებენ. ამის შესახებ მათ საქალაქო სასამართლოში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრეს. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ხაზარაძემ უთხრა, რომ ამით დამთავრდება სპეკულაცია, თითქოს ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს აზიანებენ და სწორედ მათი მონაწილეობის გამო, კონსორციუმი ინვესტორებისგან თანხის შეგროვებას ვერ ახერხებს.

დღეს სასამართლოში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობას აყენებს. პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ ამ პირებს ქვეყნის საზღვრების დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აეკრძალოთ.

„ის ზარალი, რაც ქართულ ეკონომიკას მათ მიაყენეს 2 დღის განმავლობაში 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ, არის დანაშაული და დადგება დრო, რომ ისინი ამის გამო პასუხს აგებენ. აქედან გამომდინარე, მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს და გადავიწევით უკანა პლანზე. მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, თითქოს ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და ვინმემ არ დაგვაბრალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერება”, - ამბობს ხაზარაძე.

გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. უწყების განცხადებით, მათ ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 $ ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედებათ.