ხაბაროვსკთან ოთხშაბათს რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავ An-26-ის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. თვითმფრინავის კატასტროფამდე ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მაშველებმა გადარჩენილი ადამიანები ვერ აღმოაჩინეს.
„ეკიპაჟს ფაქტობრივად არ ჰქონდა გადარჩენის შანსები, თვითმფრინავის ყველაზე დიდი ნამსხვრევი სიგრძეში არ აღემატება ერთ მეტრს, ისინი მთელი სიჩქარით შეეჯახნენ მთას. An-26 უბრალოდ წვრილ ნაწილებად დაიმსხვრა“, განაცხადა სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და კომუნიკაცია შეწყვიტა ხაბაროვსკის აეროპორტიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მანძილზე. ის რადიომეთვალყურეობის სისტემებს ამოწმებდა.
An-26-ის ნამსხვრევები ხუთშაბათს აღმოაჩინა სამაშველო ვერტმფრენმა. ნამსხვრევები რთულად მისასვლელ ადგილზე მდებარეობს სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
წინასწარი მონაცემებით, ავარია შეიძლება გამოეწვია ცუდ ამინდს ან მფრინავის შეცდომას. არ გამორიცხავენ არც ტექნიკურ გაუმართაობას.