ჯონ კერის ვიზიტი ინდოეთში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ინდოეთში მიმდინარე შეხვედრებზე ვაჭრობაზე და ემიგრაციაზე საუბარს გეგმავს
ყატარში ვიზიტის შემდეგ, სადაც "სირიის მეგობართა" ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის საკითხებზე იმსჯელეს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ინდოეთს პირველად ესტუმრა. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ჯონ კერი მთავარ ყურადღებას, სავარაუდოდ, ვაჭრობის და ემიგრაციის საკითხებზე გაამახვილებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, ამერიკას ინდოეთის ბაზარზე ექსპორტის მოცულობის გაზრდა სურს. ინდოეთს კი, თავის მხრივ, კვალიფიციური ინდოელი მუშახელისთვის, რომელსაც ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრება სურს, შემსუბუქებული საიმიგრაციო კანონმდებლობა სჭირდება. ანალიტიკოსების აზრით, საუბარი შედგება საპატენტო საკითხებზეც. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ, სამშაბათს ჯონ კერი საუდის არაბეთში მიემგზავრება.