არჩილ კბილაშვილი „ზურაბ ჟვანიას საქმით“ დაიწყებს

არჩილ კბილაშვილი, ახალი მთავარი პროკურორი

ახალი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ მალე პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი აღარ იქნება

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტმა ამ თანამდებობაზე 41 წლის იურისტი, არჩილ კბილაშვილი დანიშნა. თბილისის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, 1993 წლიდან საადვოკატო საქმიანობას იურიდიულ ფირმაში - „მგალობლიშვილი, ყიფიანი და ძიძიგური“ ეწეოდა.

კბილაშვილი არის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, 2007 წლიდან კი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პირადი ადვოკატია. სწორედ კბილაშვილი იცავდა საქართველოში ქრთამის მიცემის ბრალდებით დაპატიმრებულ ისრაელის მოქალაქეებს: რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს, რომლებიც საბოლოოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.

არჩილ კბილაშვილი, ასევე, იცავდა საქართველოს ახალი პრემიერიერ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ინტერესებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. სასამართლო პროცესების, მოქალაქეობა ჯერ ეკატერინე ხვედელიძემ, არჩევნების შემდეგ კი ნატურალიზაციის გზით ბიძინა ივანიშვილმაც დაიბრუნა.

კბილაშვილი პოლიტიკაში თებერვლიდან ჩაება და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. არჩევნების მოგების შემდეგ კი, ჯერ ბიძინა ივანიშვილმა, შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იგი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარადგინეს.

პრეზიდენტმა ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნას ხელი 26 ოქტომბერს მოაწერა. დღეს არჩილ კბილაშვილმა პროკურატურაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაგეგმა:

არჩილ კბილაშვილი: „მოხდება პროკურატურის ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების შეცვლა, როგორც სტრატეგიის ნაწილი; საოლქო პროკურორების და თბილისის პროკურორის და მისი მოადგილის შეცვლა, როგორც სტრატეგიის ნაწილი. ხოლო რაიონებში პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში განვიხილავთ.“

კონსტიტუციური თვალსაზრისით, საქართველოს პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შედის, თუმცა, ფუნქციონალურად პროკურატურა დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო.

არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონოდა უფლებამოსილება პროკურატურისთვის კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით დავალებები მიეცათ.

კანონით, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს და მთავრობის გადადგომას გენერალური პროკურორის გადადგომა არ უნდა გამოეწვია.

თუმცა, იმის გამო, რომ ბოლო წლებში პროკურატურა მთლიანად პოლიტიზირებული იყო და კანონით, გენერალური პროკურორი თავად იუსტიციის მინისტრი იყო, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილმა ახალმა რეალობამ, წინა მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას საქართველო საერთოდ დაატოვებინა. საქართველოდან მანამდე ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც წავიდა.

ახალმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ხელახლა იქნება გამოძიებული ყველა ის გახმაურებული საქმე, რომლებსაც ბოლო წლებში ტაბუ ედო. მათ შორის არის პრემიერ ზურაბ ჟვანის გარდაცვალებისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სკანდალური საქმეები.

არჩილ კბილაშვილი: „ის საქმეები, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს - ყოფილი პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმე, გირგვლიანთან, რობაქიძესთან, ვაზაგაშვილთან, აფრასიძეებთან დაკავშირებული საქმეები - ბევრი შეიძლება ასეთი საქმე იყოს. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, ეს საქმეები არ არის სრულად გამოძიებული.

ხოლო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პირდაპირი დავალებაც კი არის სტრასბურგის სასამართლოსი, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი გამოძიება. ეს საქმეები ბოლომდე იქნება გამოძიებული და არც ოჯახს და არც საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება.“

მთავარი პროკურატურა ვარდების რევოლუციამდე სასამართლო ხელისუფლების ნაწილი იყო. 2004 წლის იანვარში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალურ პროკურორად ირაკლი ოქრუაშვილი დანიშნა, იმავე წლის ივნისში კი როცა ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად გადაიყვანა, ახალ გენერალურ პროკურორად იუსტიციის და უშიშროების ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მოიყვანა.

ადეიშვილი 2008 წლის დასაწყისში ეკა ტყეშელაშვილმა შეცვალა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვე დაჰყო. 2008 წლის სექტემბერში, პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, გენერალური პროკურორი კი იუსტიციის სამინისტროში, ნოემბერში მინისტრად დაბრუნებული ზურაბ ადეიშვილი გახდა.

სწორედ მაშინ იქნა შემოღებული მთავარი პროკურორის თანამდებობა, რომლის ფუნქციებიც მხოლოდ ორგანიზაციულ-პროცესუალური საქმიანობით განისაზღრა. პირველი მთავარი პროკურორი მამუკა გვარამია იყო, მეორე - მურთაზ ზოდელავა.

უახლოეს მომავალში არჩილ კბილაშვილის თანამდებობას მთავარი პროკურორის ნაცვლად ისევ გენერალური პროკურორი ეწოდება, ხოლო პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი აღარ იქნება. სავარაუდოდ, პრეზიდენტსაც აღარ ექნება პირველი პროკურორის წარდგინების ან დათხოვნის ექსკლუზიური უფლება.