ბრეტ კავანა სენატორთა შეკითხვებს პასუხობს

ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბრეტ კავანა დღეს სენატორების წინაშე წარდგა და მათ კითხვებს პასუხობს. მოსმენა სენატში ცოტა ხნის წინ დაიწყო. სხდომაზე დამსწრე რამდენიმე ადამიანმა მას საპროტესტო შეძახილებით უკვე რამდენჯერმე შეაწყვეტინა საუბარი.

გუშინ კავანა და იურიდიული კომიტეტის წევრები მხოლოდ მოსმენის გამხსნელი სიტყვებით გამოვიდნენ, დღეს კი ის უკვე შინაარსობრივ შეკითხვებს გასცემს პასუხს. გუშინ მან აღნიშნა, რომ მისი რწმენით, მოსამართლეები მხოლოდ კანონის ინტერპრეტაციას ახდენენ და არ ქმნიან კანონებს.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სენატის მიერ დამტკიცების პროცედურა და ამისთვის საჭირო კითხვა-პასუხის პროცესი მალე ჩაივლის და 1 ოტომბრისთვის, როდესაც სასამართლომ მუშაობა უნდა განაახლოს, კავანა უკვე კოლეგიის მე-9 წევრად იქნება დამტკიცებული. თუმცა დემოკრატები კავანას კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან. მოსალოდნელია, რომ სენატორები კავანას ჰკითხავენ მისი მოსაზრებების შესახებ ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა აბორტი ან აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება, რელიგიური თავისუფლება თუ ლგბტქ ადამიანთა უფლებები.

გუშინ კავანა თითქმის 7 საათის განმავლობაში ისმენდა სენატორთა გამოსვლებს მანამ, სანამ მას საბოლოოდ მიეცა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყო.