დღეს, 22 აგვისტოს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა იქნება. შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, ე.წ. კონვენციის დასკვნით დღეს, ის ოფიციალურად იტყვის თანხმობას საპრეზიდენტო ნომინაციაზე და ჩიკაგოში შეკრებილ ამერიკელებს სიტყვით მიმართავს.
დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მთავარ საარჩევნო პლატფორმად მომავლის ოპტიმისტური ხედვა იკვეთება. პარტიის წარმომადგენლები, ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკა "უკან“ აღარ უნდა დაბრუნდეს. მოელიან, რომ დღევანდელ გამოსვლაში, 59 წლის ჰარისიც იმავე ხაზს გააგრძელებს.
ყრილობის პარალელურად, ჰარისის ოპონენტი, ამერიკის 45-ე რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლიტიკურად მერყევ შტატებს სტუმრობს და იქ ამომრჩეველთა მხარდაჭერის გაზრდას ცდილობს. პენსილვანიაში მან კამალა ჰარისი „ქვეყნის დამაქცევრად“ კიდევ ერთხელ მოიხსენია. ტრამპი ამომრჩევლებს პირდება, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, აუცილებლად მოაგვარებს ამერიკის სამხრეთ საზღვრების საკითხს, გააუმჯობესებს ქვეყნის უსაფრთხოებას და გააძლიერებს მის ეკონომიკას.
Your browser doesn’t support HTML5
წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ გამოსვლაში ჰარისი ხაზს გაუსვამს თავის წარმომავლობას. ის საშუალო კლასის, რიგით ამერიკულ ოჯახში იზრდებოდა, მას დედა ინდური წარმოშობის ჰყავდა, მამა კი იამაიკიდან. დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ დაპირდება ამერიკელებს, რომ შეეცდება საშუალო კლასის ამერიკელთა ცხოვრების გაუმჯობესებას, საკვებ პროდუქტებზე და საყოფაცხოვრებო ხარჯების შემცირებას და ამერიკელებისთვის მეტი თავისუფლების უზრუნველყოფას.
მართალია, ჰარისი საარჩევნო მარათონში მოგვიანებით ჩაერთო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარი თქვა პარტიის ნომინაციაზე, მაგრამ მან შეძლო დემოკრატების შემოკრება და მათი მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება. დებატებზე არადამაკმაყოფილებელი გამოსვლის შემდეგ, სადაც 81 წლის ბაიდენის ოპონენტი ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იყო, ამერიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი თვის წინ გადაწყვიტა, შეეწყვიტა მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა და გზა კამალა ჰარისისთვის დაეთმო.
გამოკითხვები ამ ეტაპზე აჩვენებს, რომ ბაიდენმა, საპრეზიდენტო მარათონის დატოვებასთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დემოკრატების რეიტინგები ჰარისის დასახელებიდან პირველივე კვირებში გამოსწორდა. ის რამდენიმე გადამწყვეტ შტატში, სადაც უწინ ტრამპი ლიდერობდა, ახლა დაწინაურდა კიდეც.
არჩევის შემთხვევაში, კამალა ჰარისი ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება. ის ასევე იქნება ქვეყნის ისტორიაში პირველი ინდური წარმოშობის პრეზიდენტი და ბარაკ ობამას შემდეგ, შეერთებული შტატების მეორე შავკანიანი პრეზიდენტი.
Your browser doesn’t support HTML5