საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთება ამჯერად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გამოხატა. სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელიც 24 მაისით თარიღდება, ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნას და საქართველოს ურთიერთობას ამერიკასა და ევროპასთან ძირი გამოუთხაროს.
კამალა ჰარისი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, "ანტი-დემოკრატიულ ზომაზე" ვეტოს დადების თაობაზე და მის ძალისხმევას - "დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ ხვდება".
"შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს სამ ათეულ წელზე მეტი ხანია უჭერდა. 2008 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამერიკა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ინტერესებს და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები საქართველოსთვის საგარეო დახმარების უდიდესი მიმწოდებელია იმისთვის, რომ დავეხმაროთ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის შექმნაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში", - წერს კამალა ჰარისი, საქართველოს პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილში.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები საქართველოს სწორი მიმართულებით დასაწინაურებლადაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ გამოხატავს არჩევანს - მისი მომავალი იყოს ევროკავშირსა და ნატოში:
"ისინი აცნობიერებენ, რომ უცხო ქვეყნის აგენტების კანონი ამ მომავალს საფრთხეში აგდებს და ამიტომ, მტკიცედ ეწინააღმდეგებიან მას. მათ ყველანაირი უფლება აქვთ იმის, რომ მიისწრაფვოდნენ ამ მომავლისკენ, გამოიყენონ თავისი უფლება გამოხატვის თავისუფლების შესახებ და არ უნდა იყოს ძალა გამოყენებული მშვიდობიანი შეკრების აღსაკვეთად.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობას და ძალისხმევას, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად. ეს ძალისხმევა კვლავ იქნება არსებითად მნიშვნელოვანი", - ამბობს კამალა ჰარისი და დასძენს, რომ ქართველ ხალხს აქვს პრეზიდენტის იმედი, ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის და დემოკრატიის დაცვის საქმეში. "ამერიკის შეერთებული შტატები დგას თქვენი და ქართველების გვერდით, უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე", - წერს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი.
Your browser doesn’t support HTML5