ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე დაზვერვის სამსახურის საწვრთნელ ნაგებობაზე შეიარაღებულმა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ამ თავდასხმას ერთი დღით წინ უსწრებდა საგანმანათლებლო ცენტრზე მიტანილი იერიში, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ბაჰარ მერიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში თქვა, რომ დღეს მომხდარი თავდასხმა ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ერთმა მათგანმა თავის აფეთქება შეძლო, დანარჩენი სამის ლიკვიდაცია კი უსაფრთხოების ძალებმა აფეთქებამდე შეძლეს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ავღანელი სამართალდამცავი.
ავღანეთში თავდასხმების რაოდენობა და მასშტაბები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა.
ოთხშაბათს მაუაუდის უნივერისტეტში მომხდარი აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. ბომბის დეტონაცია მაშინ მოხდა, როცა აბიტურიენტები უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდნენ. თალიბანმა თავდასხმაში მონაწილეობა უარყო. მოგვიანებით კი მასზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო.