სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს, პასუხი ჯერ უცნობია

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

შიმშილობის 50 დღეს, სახელმწიფომ მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს გლდანის ციხიდან, გორში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ეს წინადადება სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა გააჟღერა.

ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანრმთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება გლდანის მე-18 დაწესებულებაში
რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი


"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანრმთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანრმთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მას გადაიყვანენ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაცია, რომ მთავრობა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაურესების გამო, პატიმრის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავდა,არაოფიციალურადგუშინ საღამოს გავრცელდა.

ჯერჯერობით, უცნობია, ამ შეთავაზებაზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის პასუხი, რომელიც ამ დრომდე, გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გუშინ გვიან ღამით, სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ „გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის“. „მე მივეცი მას რჩევა, რომ გორის ჰოსპიტალზე უარი თქვას, რამე რომ იყოს“ - აღნიშნა მსჯავრდებულის პირადმა ექიმმა. დღეს ნიკოლოზ ყიფშიძეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთი კვირის წინ, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის წინააღმდეგი იყო თავად მიხეილ სააკაშვილიც, 11 ნოემბერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში, იგი, კერძოდ, წერდა: "ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია"

იუსტიციის მინისტრმა ბრეგაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება გლდანის მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“ - თქვა ბრეგაძემ.

სააკაშვილის გლდანის ციხიდან გაყვანის წინააღმდეგი იყო მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან, სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ არ იქნება.

ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით სპექტაკლი და უბედურება დასრულდება. ასეთი აღქმა გაჩნდა საზოგადოების ნაწილში, თუმცა, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე


"ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით სპექტაკლი და უბედურება დასრულდება. ასეთი აღქმა გაჩნდა საზოგადოების ნაწილში, თუმცა, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან" - ეს განცხადება კოხახიძემ, მანამდე გააკეთა, სანამ იუსტიციის მინისტრი გორის ჰოსპიტლის შეთავაზებით გამოვიდოდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ორ სისხლის სამართლის საქმეზეა გასამართლებული და მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული, 1 ოქტომბრიდან ანუ დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.

თავიდან ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა იმიტომ, რომ „არ ეთანხმებოდა მსჯავს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს“. შემდეგ სააკაშვილმა რუსთავის ციხიდან მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა და შიმშილობის შეწყვეტის პირობა დადო. ამის საპასუხოდ სახელმწიფომ, პატიმარი რუსთავის ციხიდან ძალის გამოყენებით გლდანის ციხეში გადაიყვანა.

ჩვენი მეგობრები არიან შესული მიხეილ სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი
ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი


"ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთებში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს, მთავარი მოთხოვნა იგივეა, პარტიის ლიდერის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

"ჩვენი მეგობრები არიან შესული ახლა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი" - განაცხადა საპროტესტო მიტინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა უკვე დაადასტურა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა, მთავრობას სააკაშვილის გადაყვანისკენ ასევე მოუწოდეს საქართველოში აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.