კონგრესმენი უილსონი: ვაფრთხილებ "ქართულ ოცნებას", არ იძალადოს პროტესტის გასაჩუმებლად

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი.

ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

ასევე ნახეთ: შაჰინი და რიში: საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების გაყალბებაში მონაწილეების პასუხისმგებლობაზე ვიზრუნებთ

ჰელსინკის კომისიის ახალ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავმჯდომარე უილსონი ზურაბიშვილსა და ქართველებს მხარს უჭერს მაშინ, როცა პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უარყოფს გასულ უქმეებზე გამართული არჩევნების შედეგებს და მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებს.

"გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წევრებთან ერთად მსოფლიოს განუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, მოუწოდა ქართველ ხალხს ქუჩაში გავიდეს და გააპროტესტოს. საერთაშორისო საზოგადოებას კი სთხოვა მხარი დაუჭიროს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის დასაცავად ბრძოლის მხარდაჭერა", - ამბობს თავმჯდომარე უილსონი.

"მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და ვაფრთხილებ "ქართული ოცნების" მთავრობას, რომ არ გამოიყენოს ძალადობა პროტესტის გასაჩუმებლად. მსოფლიო გიყურებთ", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. კომისია ორპარტიულია, და ის სენატორებით და კონგრესმენებით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, "ართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 53,93 % მიიღო. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ამ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუპწოდებს ხალხს, ქუჩაში გამოსვლით გააპროტესტონ არჩევნების ოფიციალური შედეგები.

ასევე ნახეთ: AP-თან ინტერვიუში, ზურაბიშვილი რუსეთს საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და დასავლეთისგან მხარდაჭერას ითხოვს