ბაიდენ-მერკელის მთავარი გზავნილები

ვაშინტონში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ერთდღიანი ვიზიტი თეთრ სახლში ვახშმით დასრულდა, მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში ამერიკისა და გერმანიის პირველი პირები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდნენ.

ხანდახან კარგი მეგობრები შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ
ჯო ბაიდენი

მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ "ხანდახან კარგი მეგობრები შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ“. ეს სიტყვები 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც მათ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის შესახებ ისაუბრეს. როგორც მოსალოდნელი იყო ამერიკისა და გერმანიის პოზიციები გაზსადენზე ვერ დაახლოვდა.

"მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩემი შეშფოთება ჩრდილოეთის ნაკად 2-თან მიმართებაში. ხანდახან კარგი მეგობრები შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ. მე როდესაც პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავე მილსადენის 90 პროცენტი უკვე აშენებული იყო. კანცლერი მერკელი და მე დარწმუნებულები ვართ რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ბუნებრივი აირი გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ ან მათი მუქარისთვის, ვმუშაობთ სხვადასხვა მექანიზმის შექმნაზე,“- თქვა პრეზიდენტმა.

Your browser doesn’t support HTML5

"დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის,"- ენტონი ბლინკენი

ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე უკრაინის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და გერმანიაც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. პრეზიდენტმა ბაიდენმა აქვე განმარტა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდოს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ერთად ვდგავართ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. ამერიკა ასევე განაგრძობს უკრაინის დახმარებას რათა ქვეყანის თავდაცვითუნარიანობა განვამტკიცოთ,“- ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი.

მე როგორც წესი მჩვევია ჩემი დაპირების შესრულება
ანგელა მერკელი

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია თავის პირობას შეასრულებს და უკრაინა შეინარჩუნებს სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს. მეტიც, მერკელმა თქვა, რომ თუ რუსეთი შეეცდება უკრაინის სატრანზიტო სტატუსი შეცვალოს გერმანიას ამაზე მწვავე და ხისტი პოზიცია ექნება.

„ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთ-უკრაინის შესახებ. ცნობილია, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ჩრდილოეთის ნაკად 2-თან მიმართებაში. რაზეც ვთანხმდებით, არის ის, რომ უკრაინა დარჩება ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყნად. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომ ვართ აქტიურად ჩართულები მინსკის მოლაპარაკებებში. ჩვენ აქტიურად ვიმოქმედებთ თუ რუსეთი შეეცდება და არ სცემს პატივს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს გაზსადენი არის დამატებითი და ამით უკრაინისგან გაზის მიწოდების ჩანაცვლება არ იგეგმება. ჩვენ ეს ვთქვით და ამ პირობას შევასრულებთ,“- ამბობს ანგელა მერკელი.

რამდენად შეძლებს ანგელა მერკელი დანაპირების შესრულებას, ეს სხვა საკითხია, რადგან ის ძალიან მალე, შემოდგომაზე თანამდებობას დატოვებს. 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, მერკელი არჩევნებში ჩართვას აღარ გეგმავს. თუმცა, როგორც მერკელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, უკრაინასთან მიმართებაში გერმანიის პოზიცია და მიდგომა მომავალშიც უცვლელი დარჩება.

„ჩვენ დავდეთ პირობა და ასეც იქნება, რომ უკრაინა შეინარჩუნებს სატრანზიტო ფუნქციას, ვიქნები ეს მე თუ მომდევნო კანცლერი. მე როგორც წესი, მჩვევია ჩემი დაპირების შესრულება,“- აღნიშნა მერკელმა.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა წლებია გრძელდება და ამ დროისთვის სამუშაოების 90 პროცენტზე მეტი დასრულებულია. პროექტი შეფერხებებით ვაშინგტონის პოზიციის გამო მიმდინარეობდა. შტატებმა რუსულ და ევროპულ კომპანიებს არაერთი სანქციები დაუწესა, რის გამოც სამუშაოების მიმდინარეობა მნიშვნელოვნად იყო შეჩერებული.

მარტო ზღვაში - სანქცირებული „ფორტუნა“

ამ დრომდე უკრაინა ევროპაში რუსული გაზის მთავარი სატრანზიტო ქვეყანაა, თუმცა არსებობს შიში, რომ ქვეყანამ ეს სტატუსი ახალი მილსადენის ამუშავების შემდეგ დაკარგოს.

პრეზიდენტ ბაიდენს ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი შეჩერებული სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებს და ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვაშინგტონში ბევრი არ იზიარებს. ბაიდენის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკისთვის ცუდია, რადგან ეს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ზრდის. თუმცა, ამის მიუხედავად ჯო ბაიდენმა აპრილში თქვა, რომ რადგან გაზსადენის 90 პროცენტი დასრულებულია, მას არ სურს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება.

ვაშინგტონში 15 ივლისს გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთს, კიბერთავდასხმებს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამომავლო გეგმებს და ითქვა, რომ დასავლეთი ერთიანი პოზიციით წინ აღუდგება ავტორიტარული რეჟიმების ქმედებებს, ძირი გამოუთხარონ დასავლურ დემოკრატიას.

დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის

„მე და კანცლერმა მერკელმა ფართო სპექტრის საკითხები განვიხილეთ, საკითხები სადაც გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ საერთო დღის წესრიგის შექმნაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებს და გერმანიას აქვთ პასუხისმგებლობა დაიცვან საერთო ღირებულებები, ისევე როგორც ნატოს წევრ სხვა ქვეყნებს. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიულ პრინციპებს და ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, როდესაც ვხედავთ ჩინეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მცდელობას, თავისუფალი და ღია საზოგადოების ძირგამომთხრელ საქმიანობას,“- თქვა ჯო ბაიდენმა.

პრესკონფერენცია თეთრ სახლში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ანგელა მერკელისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ბაიდენმა მას კარგი პოლიტიკოსი და მეგობარი უწოდა და აღნიშნა, რომ ანგელა მერკელი ისტორიული ფიგურაა. მერკელი პირველი მეცნიერი ქალია, რომელმაც გერმანიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა.

„ეს თქვენი ბოლო ოფიციალური ვიზიტია ვაშინგტონში. მინდა, სანამ სხვა საკითხებზე საუბარს დავიწყებ, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ანგელაზე. ის არის პირველი ქალი კანცლერი აღმოსავლეთ გერმანიიდან. ქალი კანცლერი, რომელიც 16 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას. ესეც ისტორიულია, რადგან ის ჰელმუტ კოლის შემდეგ გერმანიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იკავებს კანცლერის თანამდებობას. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობარს და კარგ პოლიტიკოსს,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

"კოლის გოგო" - "ერის დედა" - მერკელის მმართველობის 15 წელი

ანგელა მერკელმა პრეზიდენტ ბაიდენს გაკეთებული განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ძვირფასო ჯო. ეს ჩემთვის პატივია. ამერიკაში 2019 წლის შემდეგ პირველად ჩამოვედი. დღეს ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ და დავადასტურეთ, რომ ამერიკაც და გერმანიაც რჩება ვაშინგტონის დეკლარაციის ერთგული. ჩვენი ურთიერთობები უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება,“- აღნიშნა მერკელმა.

16-წლიანი მმართველობის დროს ანგელა მერკელი ამერიკის 4 პრეზიდენტთან ერთად მუშაობდა. ჯორჯ ბუშ უმცროსთან, ბარაკ ობამასთან, დონალდ ტრამპთან და ახლა უკვე ჯო ბაიდენთან. თავად ანგელა მერკელი ამბობს, რომ ყველაზე რთული მისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მუშაობა იყო, რის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გართულდა.

ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობა შემოდგომაზე დასრულდება. ის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ არპირებს. წინასწარი ვარაუდით, მას არმინ ლაშეტი შეცვლის, რომლის პოზიციებიც გაცილებით ხისტია და გარკვეულ საკითხებზე ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდის.

მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ვაშინგტონსა და ბერლინს შორის აზრთა სხვადასხვაობა ხშირია. ერთ-ერთი ასეთი უთანხმოების მიზეზი საქართველოც იყო. როგორც „დოიჩე ველესთან“ საუბრის დროს ამერიკის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა თქვა, გერმანია 2008 წელს საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების წინააღმდეგი იყო. პრეზიდენტ ბუშის ეს ინტერვიუ მერკელის ვაშინგტონში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.

„ერთ-ერთი დიდი უთანხმოება მერკელთან გამოიწვია იმან, უნდა გამხდარიყო თუ არა საქართველო ნატოს წერობის კანდიდატი ქვეყანა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს არასწორი იქნებოდა. მე კი მიმაჩნდა, რომ ეს სწორი იყო,“- თქვა ჯორჯ ბუშ უმცროსმა.

„დოიჩე ველესთან“ საუბრის დროს, ამერიკის 43-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მერკელი მისი მეგობარი და ნამდვილი ლიდერია.

2015 წელს ანგელა მერკელი ჟურნალმა "თაიმსმა" წლის პიროვნებად და სამყაროს კანცლერად დაასახელა.

გერმანიაში არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ქვეყანა ბუნდესტაგის ახალ შემადგენლობას სექტემბრის ბოლოს აირჩევს. ახალი კანცლერის არჩევა კი ბუნდესტაგის კომპეტენციაა.