რუსეთის ფედერაციაში ვნაბათაღელვა დუმის არჩევნების შემდეგ არ ცხრება და საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს იღებს. დაძაბულობა სრულად განმუხტული არაა რუსეთის ფედერაციის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებულ სამხრეთ ოსეთშიც. იქ სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება იმედგაცრუება „უფროსი ძმისა“ და სტრატეგიული მოკავშირის მიმართ.
ოპოზიცია ცხინვალში აცხდებს, რომ მოლაპარაკებები, რაც მათსა და ხელისუფლებას შორის, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის, სერგეი ვინოკუროვის შუამდგომლობით იმართებოდა, თავიდანვე წარმოადგენდა სიცრუეს და მახეს ოპოზიციისთვის. „კოკოითმა სილა გაგვაწნა. ცხინვალში რევოლუცია დაბრუნდება“,– ამბობს ჯიოევა. მისმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების გაგრძელების თაობაზე მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „აქციები ყოველდღიურად გაიმართება“,– იუწყება ჯიოევას შტაბი. ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან განთავისუფლებას მოითხოვენ.
ოპოზიციურმა ვებგვერდმა „უასამონგამ“ გამოაქვეყნა ჯიოევას წერილი, რომლითაც მან რუსეთის ფერედაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ მინისტრს ვლადიმერ პუტინს მიმართა. ოპოზიციის ლიდერმა საკუთარ მიმართვაში ცალსახა მინიშნება გააკეთა იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარესაც აკისრია. „2011 წლის 9 დეკემბერს ჩემსა და იმ დროისთვის მოქმედ პრეზიდენტს კოკოითს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის შესრულების გარანტი გახლდათ რუსული მხარე, ვინოკუროვის სახით. ჩვენ შევასრულეთ ნაკისრი მოვალეობები, მოვუწოდეთ სამხრეთ ოსეთის ხალხს, სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, დაშლილიყვნენ, რითაც განვმუხტეთ სიტუაცია. შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი, რომლებმაც საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია მოახდინეს საზოგადოების წინაშე, უნდა გადამდგარიყვნენ დაკავებული თანამდებობებიდან, თუმცა, შეთანხმების 2.2 პუნქტის დარღვევით, სამხრეთ ოსეთის პარლამენტს ისინი არ გაუთავისუფლებია. ამგვარად, შეთანხმება, რომლის შესრულების გარანტორი რუსული მხარე იყო, არ შესრულდა კოკოითის მომხრეებისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის გამო. შეთანხმების დარღვევამ შესძლოა ააფეთქოს სამხრეთ ოსეთის საზოგადოება და გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი შედეგები. არსებობს სისხლისღვრის რეალური საფრთხე და მასზე პასუხისმგებლობა აკისრია ყოფილ პრეზიდენტ კოკოითის, მის გარემოცვას და ზემოთაღნიშნული შეთახმების გარანტორს. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა აღმოჩნდეს სამოქალაქო ომის ზღვარზე. გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას,“– ნათქვამია ჯიოევას განცადებაში.
ოპოზიცია ცხინვალში საზოგადოებას ისევ აქციებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სიტუაციას კვლავ ყოფილი პრეზიდენტი აკონტროლებს. კოკოითი გუშინწინ ადგილობრივი ტელევიზიით გამოვიდა ცხინვალში და განაცხადა, რომ ოპოზიცია მტრების დაკვეთას ასრულებს, მიტინგებზე მისული ადამიანები კი ამისთვის ფულად გასამრჯელოს იღებენ. „მათ მიიღეს გამოცდილება უკრაინის რევოლუციით. ოპოზიციის ლიდერი, თედეევი, რომელიც ახლა გერმანიაშია გაქცეული, შეიძლება წარმატებული სპორტსმენია, მაგრამ არაფერს წარმოადგენს, როგორც პოლიტიკოსი. ის სრული დისტროფიკია. მათ გაიარეს სწავლება უკრაინაში და გაიგეს, როგორ უნდა ხელისუფლებასთან ბრძოლა და დაპირსიპირება ომონთან. მე აქამდეც მინდოდა გადავმდგარიყავი, თუმცა ეს ვერ მოვახრხე, რადგან მათ გადაწყვიტეს აქ ნარინჯისფერი რევოლუცია მიეწყოთ, რასაც მე ვერ დავუშვებდი. მინდოდა, მივსულიყავი თეატრის მოედანზე და იქ გამეკეთებინა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ეს ადგილი ხომ წმინდაა ჩვენი ხალხისთვის, რომელსაც მე ათი წელი ვემსახურე. მაგრამ მათ ისე შებილწეს იგი, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად, მე აღარ მქონდა იქ მისვლის სურვილი. ამბობენ, რომ მე რეპრესიებს ვაწყობდი. თუ ასე იყო, რატომ არ ჩავსვი ისინი ციხეში? ისინი უბრალოდ წუხანი იმის გამო, რომ უმედები გაუცრუეს სპონსორებსა და დამფინანსებლებს“– ამბობს კოკოითი.
ოპოზიცია უკმაყოფილოა იმითაც, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსურლებელმა ვადიმ ბროვცევმა უარი განაცხადა დაენიშნა ბარანკევიჩი ვიცე–პრემიერის პოსტზე იმ მიზეზის გამო, რომ ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში არ არსებობს ვიცე–პრემიერის ვაკანტური ადგილი, თუმცა მისივე განცხადებით, ისინი იმუშავებენ ამ საკითხზე. ბროვცევი ამჟამად დაკავებულია მთელი რიგი მითითებების გაცემით, რაც აქციების შემდეგ ცხინვალის დასუფთავებას ეხება.
„მოდით, ვნახოთ რაა დამოკიდებული თქვენზე და რა ჩემზე. უნდა მოწესრიგდეს პირველ რიგში ქუჩები, საჭიროა მათი დასუფთავება. ასევე დროა დავიწყოთ ზრუნვა სპორტული მოედნების მშენებლობაზე“. ციტატის დასასრული.
ოსი ბლოგერები საუბრობენ პარალელებზე ცხინვალში განვითარებულ მოვლენებსა და უკრაინის „ნარინჯისფერ რევოლუციას“ შორის. რაც უფრო ხშირია ამ თემის განხილვა, მით უფრო მეტი პარალელი ჩნდება. დაწყებული იმით, რომ ეს ყველაფერი თოვლით დაფარულ ქალაქში ხდება და დამთავრებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დაპირისპირებით. ისინი სვამენ კითხვას იმის შესახებაც, მოაწყობს თუ არა რუსეთი ცხინვალში მეორე ჩეჩნეთს.
ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაძაბულობის განვითარება ქუჩებში ნაკლებადაა მოსალოდნელი. ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიცია სახლში გაეშვა, თანაც ისე, რომ მათ შორის გაფორმებული შეთანხმების პირობები დაერღვია. სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ცხინვალში კოკოითის გადადგომის ხარჯზე გახდა შესაძლებელი.