ჯიჰადისტები ბოსტონის ტერორისტებს აკრიტიკებენ

ინტერნეტ ფორუმებზე რადიკალი ისლამისტები ძმებ ცარნაევებს ჯიჰადისტებს უწოდებენ, სხვები მათ ჯიჰადისთვის დარტყმის მიყენებაში ადანაშაულებენ

Your browser doesn’t support HTML5

ბოსტონი

ბოსტონის მარათონის აფეთქებამ არა მხოლოდ ამერიკის დაზვერვის სააგენტოები გააკვირვა, არამედ ჯიჰადისტებიც. ძმები ცარნაევების მოქმედებები ჯიჰადისტურ ვებგვერდებზე ჯერ ისევ განხილვის თემაა. შირაზ მაერი ლონდონში დაფუძნებული რადიკალიზაციის კვლევების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელია. ის ამბობს:

„თუ ზოგად შეფასებას გავაკეთებთ, ჯიჰადისტურ ვებგვერდებზე საზეიმო განწყობა აღინიშნებოდა. ასეთ ფორუმებში მონაწილე ადამიანები თავდადებული ჯიჰადისტები არიან. მათ ამერიკა და დასავლეთი სძულთ.“

მაერი ამბობს, რომ მიუხედავად სიმპათიისა, ზოგერთი რადიკალი ბოსტონის აფეთქებას მათი ბრძოლისთვის მიყენებულ დარტყმად აღიქვამს.

„ისინი ფიქრობენ, რომ ამ თავდასხმით შიეძლება საფრთხე მიადგა მომავალში დაგეგმილ უფრო ფართო-მასშტაბიანი აქტის განხორციელებას. გარდა ამისა, დილეტანტების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი ჩრდილში აყენებს ალ ყაიდას მეთოდებს, რომლებიც ისტორიულად დიდი მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევას ისახავს მიზნად.“

მაერი ასევე აცხადებს, რომ ჯიჰადისტურ ფორუმებზე ჩანს, რომ ისინი წუხან იმის გამო, რომ მათ მიერ დიდი ტერორისტული აქტების განხორციელების შესაძლებლობა შემცირდა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების აქტიური მუშაობის შედეგად:

„ალ ყაიდამ ახალი ტაქტიკა შეიმუშავა და ახლა უკვე მზადაა იმისთვის, რომ თუ ადამიანური მსხვერპლის გამოწვევა ვერ შეძლო, მზადაა ეკონომიკურად და ფინანსურად დააზიანოს ამერიკა და დასავლეთი ზოგადად.“

ტერორიზმის ანალიტიკოსი რაფაელო პანტუჩი ამბობს, რომ ალ ყაიდას წევრები ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთში ცდილობენ მიმდევრების რადიკალიზაციას.

„ისინი ამ მეთოდს ღია წყაროს ჯიჰადს უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალურ წევრს შეუძლია თავად აიღოს ინიციატივა და თავდასხმა განახორციელოს.“

პეტუჩის თქმით, ეგრეთ წოდებული, „მარტოხელა მგლები“ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ იმის გამო, რომ მათ გამოვლენა საკმაოდ რთულია ისეთი მეთოდებით, როგორიც კორესპონდენციასა და კომუნიკაციებზე თვალთვალია.

„ისინი ისე მოქმედებენ, რომ ბევრი კომუნიკაცია არ აქვთ იმ მეთოდებით, რომლებზე დაკვირვებასაც სადაზვერვო სამსახურები აწარმოებენ.“

მაერი საერთაშორისო თანამეგობრობას სირიაზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სირიაში კონფლიქტი დასრულდება და უცხოელი ჯიჰადისტები სამშობლოებს დაუბრუნდებიან, ისინი განახლებული ძალებით შეუტევენ დასავლეთს.