იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

დღეს, იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ რამდენიმე ადგილზე მეწყერი გამოიწვია, რის გამოც სოფლებში ასობით სახლი დაინგრა და ნაწილი მიწისქვეშ მოყვა.

დაღუპულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით 7 ადამიანს შეადგენს. თუმცა, ათობით ადამიანი ისევ დაკარგულია, სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ გაიზრდება. ამ დროისთვის 140 დაშავებულია და დაახლოებით 40 ადამიანს ისევ ეძებენ.

ჰოკაიდოს კუნძულის მთელ მოსახლეობას, 3 მილიონ ადამიანს ელექტროენერგია გამოერთო. შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და დაიხურა აეროპორტი.

პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს თქმით, ადგილზე მობილიზებულია 25 ათასამდე ჯარისკაცი. კუნძულზე მდებარე ბირთვული სადგურის სამივე რეაქტორი მიწისძვრის დროს გამორთული იყო, რადგან მასზე უსაფრთხოების ზომების შემოწმება მიმდინარეობდა.