მასობრივი მკვლელობის კიდევ ერთმა შემთხვევამ ამ უქმეებზე გამოიწვია საუბრები იმაზე, რომ ფლორიდაში რასისზმის პრობლემა მწვავედ დგას. შაბათს, ჯექსონვილში ახალგაზრდა მამაკაცმა სამი ადამიანი მოკლა. სამივე მათგანი შავკანიანი იყო.
სროლა მაშინ მოხდა, როდესაც ჯექსონვილის მოსახლეობა ისტორიული დღის გასახსენებლად ემზადებოდა. ამ დღეს მოსახლეობა 1960 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როდესაც თეთრკანიანთა ბრბომ ბეისბოლის ჯოხები და ცულის ტარები გამოიყენა კლუბში შეკრებილი მშვიდობიანი შავკანიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ისინი ქალაქის ცენტრში სეგრეგაციას აპროტესტებდნენ.
ჯექსონვილის შერიფმა ტ.კ. უოტერსმა თქვა, რომ 21 წლის მკვლელის რაიან პალმეტრის მიერ დატოვებული წერილი ცხადყოფს, რომ მისი სამიზნე შავკანიანი მოსახლეობა იყო.
უოტერსის თქმით, პალმეტრმა AR-15 ნახევრად ავტომატური შაშხანა და გლოკის ტიპის იარაღი გამოიყენა ხალხის დასახოცად. მკვლელმა ორივე იარაღი ლეგალურად იყიდა 2023 წლის დასაწყისში.
მან სასიკვდილოდ ესროლა ანჯელა მიშელ კარს, 52 წლის ქალს მაშინ, როცა ის თავის მანქანაში იჯდა. მკვლელის კიდევ ერთი მსხვერპლი 19 წლის ეი ჯეი ლაგერი იყო, რომელსაც ის მაღაზიაში აედევნა და იქ ესროლა. მესამე მსხვერპლი კი, 29 წლის ჯერალდ გალიონი იყო, რომელიც პამეტრმა მაღაზიაში შესვლისას მოკლა. მომხდარის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.