იტალიაში, აღდგომის კვირის უქმეებზე, ქვეყნის მასშტაბით, ლოკდაუნი გამოცხადდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი ვარიაციების გავრცელება და ინფიცირების ზრდაა. აღდგომას, მსგავსი აკრძალვა, იტალიაში გასულ წელსაც იყო, ხალხის მასობრივი თავშეყრისა და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
არასავალდებულო საჭიროების მქონედ შეფასებული მაღაზიები, ქვეყნის მასშტაბით 3-დან 5 აპრილამდე დახურული იქნება. ამ დღეებში იტალიელებს უფლება ექნებათ სახლები დატოვონ მხოლოდ სამსახურებრივი საქმეების, ან გადაუდებელი საჭიროების გამო.
რამდენიმედღიანი ლოკდაუნის გარდა, შემოღებული იქნება სხვა სახის შეზღუდვებიც. მაგალითად, ლომბარდიის რეგიონში სრული ლოკდაუნი გამოცხადდება, ვინაიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა. გაზრდილია როგორც ვირუსის ახალი შემთხვევების, ისე ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც.
ასევე ნახეთ: „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“"იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომლის გაღებასაც ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ",- ამბობს ლომბარდიის პრეზიდენტი, ატილიო ფონტანა.
იტალია პირველი დასავლური ქვეყანა იყო, რომელიც პანდემიისგან ძლიერად დაზარალდა. ამ კვირაში, ქვეყანაში ინფექციების 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ოფიციალური პირები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებასთან ერთად, ეპიდემილოგიური სიტუაციაც მწვავდება.
იტალიაში პირველად სრული ლოკდაუნი ერთი წლის წინ გამოაცხადეს და ის 10 კვირას გაგრძელდა. ვირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის გამო, ქვეყანა წითელ ზონად იყო გამოცხადებული. მეორე ლოკდაუნი კი იტალიაში საშობაოდ გამოცხადდა.