ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით მარტო ერთ თვეში დაღუპულთა რიცხვი 6,077-ს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ფატალურობის ოფიციალური მაჩვენებლებით, იტალია კოვიდ-19-ით მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად დაზარალდა.
ამის მიუხედავად, რომი იუწყება, რომ ქვეყანაში როგორც ახლადინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია უკვე მე-3 დღეა გრძელდება. ორშაბათს ქვეყანაში კოვიდ-19-ით 601 ადამიანი დაიღუპა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შაბათს დაფიქსირებული ფატალობის 800 შემთხვევა.
სამხრეთ კორეაში, რომელიც ასევე ერთ-ერთ ეპიცენტრად ითვლებოდა, უკვე 13 დღეა, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატება ფიქსირდება. ახლადინფიცირებულთა რაოდენობა დღეს იქ მხოლოდ 76 იყო. სეულის განცხადებით, ზედიზედ 13 დღეა, რაც ახალი შემთხვევების ფაქტები 100-ის ფარგლებშია.
კიდევ უფრო უკეთესი ახალი ამბებია ჩინეთიდან. პეკინის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში, ჩინეთში ლოკალურად ინფიცირების მხოლოდ 4 შემთხვევა აღრიცხეს. ჰუბეის პროვინციის გზები 2-თვიანი კარანტინის შემდეგ, გახსნილია. თუმცა, საფრთხე ახლა ჩინეთის საზღვრების გარედან მოდის. პეკინი იუწყება, რომ ორშაბათიდან სამშაბათამდე ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.
ეს ყოველივე სახელმწიფოებს მიმოსვლის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვისკენ უბიძგებს. უკვე გამოცხადებულ კარანტინებს დღეს კუბა დაემატა, რომელიც დღეიდან ქვეყანაში შესვლას ყველა ტურისტს უკრძალავს. კუნძულოვან სახელმწიფოს ვერც კუბის მოქალაქეები დატოვებენ. მსგავს ზომებს იღებს სამხრეთ აფრიკა. ანალოგიური შეზღუდვები სამი კვირის ვადით, იქ ხუთშაბათიდან დაიწყება. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები 554-მდე გაიზარდა.
ამერიკის შეერთებულ შატატებში მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადაადგილება შეეზღუდული აქვს. გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში შტატების გუბერნატორები იღებენ. ამერიკის მოსახლეობა 330 მილიონს აღემატება. ორშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი დამცავი საშუალებების მოსახლეობაში მომარაგებას კრიმინალურს ხდის.