იტალიის პრემიერ-მინისტრი მიგრანტების საკითხზე ალბანეთთან შეთანხმებას, ევროკავშირისთვის მოდელად განიხილავს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯია მელონიმ სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ იტალიის გეგმა, ზღვით მომავალი მიგრანტების მიმღები ცენტრები ალბანეთში ააშენოს, შესაძლოა ევროკავშირსა და არაწევრს ქვეყნებს შორის შეთანხმებების სანიმუშო გეგმად იქცეს.

გეგმის შესახებ ორშაბათს გამოცხადდა და ეს არის პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, რომელიც მიგრანტებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ნაცვლად მიიღებს. გეგმა წააგავს ბრიტანეთის მთავრობის საკამათო მცდელობას, თავშესაფრის ათასობით მაძიებელი რუანდაში გაგზავნოს.

ასევე ნახეთ: იტალიის კუნძული ლამპედუზა ათასობით მიგრანტს ვერ უმკლავდება

გეგმა, მელონიმ და მისმა ალბანელმა კოლეგა ედი რამამ გააჟღერეს და მისი მიზანია იტალიაში ზღვით შესული მიგრანტების რიცხვი შემცირდეს. მიგრანტების რაოდენობა წელს 65 პროცენტით გაიზარდა და დღეისთვის 145 ათასს გადააჭარბა.

მელონიმ თქვა, რომ ამ ინიციატივის შესახებ ევროკომისიას ინფორმაცია მიეწოდა და უარყოფითი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ალბანეთის ცენტრებში, 2024 წლის გაზაფხულისთვის, თავდაპირველად 3,000 ადამიანს მიიღებენ. მელონიმ თქვა, რომ რომი იმედოვნებს მათი ტევადობა გაიზრდება, რათა წელიწადში 36,000 მიგრანტის მიღება და საქმის განხილვა შეძლონ.

ალბანეთის ლიდერმა თქვა, რომ საჭიროა შეთანხმების პრაქტიკული მხარეების მოგვარება. ედი რამამ თქვა, რომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის მიმღები მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე აფრიკის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები „უძნელესი რამ“ იქნება.

იტალიურ ყოველდღიურ გამოცემა „ლა სტამპასთვის“ გაკეთებულ კომენტარებში, ალბანეთის ლიდერმა სკეპტიციზმი გამოთქვა იმაზე, თუ რამდენად შედეგიანი იქნება ეს შეთანხმება.

„ეს არაფერს გადაწყვეტს, მაგრამ მან (მელონიმ) დახმარება გვთხოვა და ჩვენ დავეხმარეთ“, თქვა ედი რამამ.