იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აპრილის ბოლოსთვის შესაძლოა იტალიამ კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიღებული ზომების თანდათანობით შემსუბუქება დაიწყოს.
"ჩვენ უნდა შევარჩიოთ სექტორები, სადაც აქტივობის თავიდან დაწყება შესაძლებელი იქნება. თუკი მეცნიერები თანახმა იქნებიან, ჩვენ ზოგიერთი ზომის შემსუბუქება შესაძლოა უკვე ამ თვის ბოლოსაც კი დავიწყოთ", - ამბობს კონტე ინტერვიუში. თუმცა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ იტალიაში შეზღუდვები ერთბაშად არ მოიხსნება და ეს მხოლოდ თანდათანობით და ეტაპობრივად შეიძლება მოხდეს.
ოთხშაბათს იტალიაში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა, სამშაბათს - 604. სულ ქვეყანაში 17 669 ადამიანია გარდაცვლილი. 3600-ზე მეტი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ეს რიცხვიც დაახლოებით ასით ნაკლებია წინა დღესთან შედარებით და ბოლო ხუთი დღის განმავლობაში თანდათან იკლებს.
იტალიაში მკაცრი ზომების მიღება 9 მარტიდან დაიწყეს: მოქალაქეებისთვის სახლში დარჩენის მოთხოვნა, მგზავრობის შეზღუდვა, შემდეგ კი ყველა არაარსებითი მნიშვნელობის ობიექტი დაიხურა. ქვეყნის ინდუსტრიული ნაწილის წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებდნენ მიეცათ მათთვის ქარხნების გახსნის და ეკონომიკური კატასტროფის თავიდან აცილების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს, ჩრდილოეთის ინდუსტრიული რეგიონია ყველაზე მეტად დაზარალებული.
თუმცა, იმედების მიუხედავად, ევროკავშირის დაავადებათა მონიტორინგის სააგენტო აცხადებს, რომ ევროპას ჯერ გავრცელების პიკი არ გამოუვლია და კვლავ ბევრი ადამიანი ინფიცირდება და კვდება. ეს განცხადება სააგენტომ ოთხშაბათს გაავრცელა.
რისკების შეფასების ანგარიშში, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, მალტაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და ბრიტანეთში. გარდაცვლილთა დიდი ნაწილი 65 წელზე ასაკოვანია.
"მიუხედავად იმისა, რომ იტალიასა და ავსტრიაში გაუმჯობესება შეინიშნება, არ არსებობს ინდიკატორები იმისა, რომ ვიფიქროთ, თითქოსდა ეპიდემიის პიკს მივაღწიეთ", - ვკითხულობთ შეფასებაში.