იტალია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო შემზღუდავი ზომების ნაწილის შემსუბუქებას იწყებს. პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულთა შორის მყოფი ქვეყანა, გახსნას ცდილობს.
ქვეყნის 20 რეგიონიდან 15 ყვითელ ზონაშია, რაც ნიშნავს, რომ იქ ვირუსის გავრცელების შედარებით დაბალი რისკია. რამდენიმე რეგიონი უფრო მაღალი რისკის გამო ნარინჯიფერ ზონაში რჩება, სარდინია კი კვლავ წითელია.
ყვითელ ზონაში მდებარე დასახლებებში კაფე-რესტორნებსა თუ ბარებს უფლება მიეცათ მომხმარებლებს ღია ცის ქვეშ მოემსახურონ. ეს მას შემდეგ, რაც ბოლო 6 კვირის განმავლობაში მსგავსი საქმიანობა დაშვებული არ იყო. აკრძალული იყო ქუჩაში სამოყვარულო სპორტული აქტივობებიც. მომდევნო კვირების განმავლობაში, შემდეგ ფაზებში სოციალური დისტანცირების მკაცრი წესების დაცვით უნდა გაიხსნას აუზები და სპორტული დარბაზებიც.
ასევე ნახეთ: უკან, ლოქდაუნში - ევროკავშირში მესამე ტალღას უმკლავდებიანამ ეტაპზე გაიხსნა თეატრები, კინოთეატრები, მუზეუმები და კულტურული დანიშნულების ადგილები და ძეგლები, თუმცა ვიზიტორთა შეზღუდული რაოდენობით. დახურულ სივრცეში არ უნდა იყოს სრული ტევადობის 50%-ზე მეტი ადამიანი. ბევრი დაწესებულება სავალდებულო წინასწარი რეგისტრაციის სისტემასაც იყენებს იმისათვის, რომ მოქალაქეთა ნაკადები არეგულიროს. გადაადგილება კვლავ შეზღუდულია საღამოს ათი საათიდან.
ეტაპობრივი გახსნის დაწყებასთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგიმ პარლამენტს ეკონომიკის აღდგენის თითქმის 270 მილიარდიანი გეგმა წარუდგინა. მისი თქმით, გეგმის მიზანი ქვეყნის პანდემიისშემდგომი აღდგენა და "ეპოქალური" რეფორმების გატარებაა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც პანდემიამდეც არსებობდა. იტალია პანდემიის შედეგებთან საბრძოლველი ფონდის - ევროკავშირის 907 მილიარდიანი პროექტის ყველაზე დიდ ნაწილს - 231.6 მილიარდს იღებს. ევროკავშირის გეგმა 6-წლიან პერიოდს ითვალისწინებს.
იტალიაში კოვიდ-19-თან დაკავშირებული გართულებებით 120 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი ინფიცირების 4 მილიონამდე შემთხვევა დადასტურდა.