ამერიკა პარიზის კლიმატის შეთანხმებას დაუბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატები, ოფიციალურად დაუბრუნდა პარიზის კლიმატის შეთანხმებას და კლიმატის ცვლილებებთან გლობალურ ბრძოლას. ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალი 30 წლის განმავლობაში მავნე გამონაბოლქვის მკვეთრ შემცირებას გეგმავს.

მეცნიერებმა და უცხოელმა დიპლომატებმა ამერიკის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნების ბრძანება პრეზიდენტობის პირველივე დღეს გასცა. ოფიციალურად კი ეს მისი პრეზიდენტობის 30-ე დღეს მოხდა.

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის 2015 წელს დაარსებულ შეთანხმებას, დღეს ხელს 200-ზე მეტი ქვეყანა აწერს. ამერიკის შეერთებული შტატები კი ერთადერთია, რომელმაც ეს შეთანხმება დატოვა. გადაწყვეტილება ამერიკამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიიღო.

ასევე ნახეთ: ბაიდენის პირველი დღეები ოფისში - რას უნდა ველოდოთ?

ამერიკის კლიმატის დესპანი ჯონ კერი, დღეს ონლაინ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამერიკის შეთანხმებაში დაბრუნებას მიეძღვნება. შეხვედრაში მონაწილეობენ ბრიტანეთისა და იტალიის ელჩები, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და გაეროს კლიმატის დესპანი მაიკლ ბლუმბერგი.

ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამერიკა 2050 წლისთვის, მავნე გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას გეგმავს. მეცნიერები პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას იწონებენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ 2030 წლისთვის გამონაბოლქვი უნდა განახევდრეს. სწორედ ეს მიაჩნიათ მათ გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღად.