ისრაელის იერიშს რაფაში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გასული ღამის განმავლობაში ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაზე ისრაელის შეტევას სულ მცირე, 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოწმეები და სამედიცინო მუშაკები ამბობენ, რომ რაფაში საჰარო იერიშის სამიზნე სამი სახლი გახდა.

ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორია ღაზაში პალესტინელი მოსახლეობის დახლოებით ნახევრისთვის იქცა თავშესაფრად. 7 ოქტომბერს დაჯგუფება "ჰამასის" მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და "ჰამასს", რომელიც სექტორს აკონტროლებს, ომი გამოუცხადა. "ჰამასი" ამერიკასა და ბევრ ევროპულ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

Your browser doesn’t support HTML5

დაპირისპირება ისრაელსა და ირანს შორის

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში 29 აპრილს განაცხადეს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთში კიდევ ერთი დაჯგუფების, "ჰეზბოლას" პოზიციებზეც, რომელსაც თავის მხრივ, მხარს ირანი უჭერს.

"ჰამასის" ოფიციალური წარმომადგენლები დღეს ეგვიპტეში იმყოფებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დროებითი ზავის შესათანხმებლად. მოლაპარაკებების საგანია "ჰამასის" მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლება და საბრძოლო მოქმედებების რამდენიმე კვირით შეჩერება.

ამერიკის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კვირას, 28 აპრილს ტელეფონით ისაუბრეს. თუმცა, თეთრ სახლს არ მიუნიშნებია, რამდენად მოახლოებულია ზავის შესაძლებლობა. ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის იყო აღნიშნული, რომ ლიდერებმა განიხილეს მიმდინარე მილაპარაკებები.