ისრაელის სარაკეტო თავდასხმამ დამასკოს აეროპორტის მუშაობა შეაჩერა

ორშაბათ დილით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რაკეტები ისროლა და მისი მუშაობა შეაჩერა. სირიის არმიის განცხადების თანახმად, 2 ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ 2 ადამიანი დაშავდა.

ეს თავდასხმა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მეორე იყო, რომელიც დამასკოს აეროპორტის მუშაობის შესაჩერებლად მოხდა. არმიის განცხადებით, თავდასხმამ ახლომდებარე ტერიტორიაზე მატერიალური ზიანი გამოიწვია.

ასევე ნახეთ: ისრაელმა სირიაში ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა

სირიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, დაზიანებულის აღდგენა დაუყოვნებლივ დაიწყო და მოგვიანებით, ორშაბათსვე, ზოგიერთი ფრენა განახლდა, აეროპორტის სხვა ნაწილებში კი აღდგენითი სამუშაოები გრძელდებოდა.

სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ნაწილებში მდებარე აეროპორტები ისრაელის სამიზნე ხდებოდა სავარაუდოდ იმის გამო, რომ თეირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის, მათ შორის „ჰეზბოლასთვის“, ირანიდან იარაღის მიწოდება აღეკვეთათ.

ბოლო წლებში ისრაელმა სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ასობით თავდასხმა განახორციელა, მაგრამ ამას იშვიათად აღიარებს და ასეთ ოპერაციებზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ისრაელმა გამოაცხადა, რომ მისი სამიზნე ირანის მოკავშირე შეიარაღებული ჯგუფების ბაზებია, როგორიც ლიბანის „ჰეზბოლაა“, რომელმაც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერად ათასობით მებრძოლი გააგზავნა.

ისრაელი აცხადებს, რომ მის ჩრდილოეთ საზღვართან ირანის ყოფნა „წითელი ხაზია“, რომელიც სირიაში არსებულ ობიექტებზე და იარაღზე თავდასხმებს ამართლებს.