ისრაელმა ორშაბათს განაცხადა, რომ სირიაში ირანის სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ეს იმ გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც ისრაელმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ხშირ შემთხვევაში ისრაელი არც ადასტურებდა და არც უარყოფდა მის სამხედრო მოქმედებებს სირიაში ირანის წინააღმდეგ.
ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, საჰაერო თავდასხმა, ირანის მიერ გოლანის მაღლობების მიმართულებით სარაკეტო იერიშის საპასუხოდ განახორციელა. ირანის გასროლილი რაკეტა ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო. ისრაელის განცხადებით, მათ იერიში დამასკოს აეროპორტთან მდებარე სამხედრო პუნქტზე, ირანის საწვრთნელ და შეიარაღების საწყობ ადგილსა და სირიის სარაკეტო სამხედრო ბაზაზე მიიტანეს. სირიის თქმით, კი მათ ისრაელის რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს.
„ჩვენ ყველაფერზე რაც სირიაში ხდება პასუხისმგებლობას სირიის რეჟიმს ვაკისრებთ, და ვაფრთხილებთ მათ ისრაელის მიზანში ამოღების ან სხვებისთვის მათ ტერიტორიაზე ისრაელის სამიზნეში ამოღების წინააღმდეგ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
გოლანის მაღლობების მიმართულებით გასროლილი რაკეტა და ისრაელის ანტი-სარაკეტო სისტემის მიერ მისთვის გზის მოჭრა, ჰერმონის მთაზე მოთხილამურის ვიდეოში აღიბეჭდა. ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა.
(Haaretz.com-ის და ელან ბენ მოშეს ვიდეო).
ირანის რევოლუციური გვარდიის ათასობით მებრძოლი სირიაში ასადის რეჟიმის მხარეს იბრძვის. ბრიტანული ორგანიზაცია, „სირიის ადამიანის უფლებები ობსერვატორიის“ მონაცემებით, რომელიც სირიაში მიმდინარე ომს აკვირდება, ისრაელის თავდასხმის შედეგად 11 მებრძოლი დაიღუპა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელი უპასუხებს მის მიმართ მიმართულ ნებისმიერ შეტევას. „ჩვენ ირანის და სირიის ძალების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, რომლებიც ხელს უწყობენ ირანის აგრესიას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს კომენტარები ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან დაკავშირებულ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობას მოჰყვა, რომელშიც ირანის საჰაერო ძალების ხელმღვანელი ბრიგ გენ აზიზ ნასირზადეჰი აცხადებდა, რომ თეირანი ისრაელთან ბრძოლისა და მისი განადგურებისთვის მზადაა.
„სრულიად მზად ვართ და მოუთმენლად ველით სიონისტურ რეჟიმთან წინ აღდგომას და მის აღგვას დედამიწის პირიდან“, - განაცხადა მან, ვებგვედრის ინფორმაციის თანახმად.
ისრაელის განცხადებით, მათ სირიაში დაგეგმილი თავდასხმის შესახებ, მოსკოვს აცნობეს ტრადიციული არხებით, საჰაერო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. გამოცემა "ვაშინგტონ პოსტის" მიხედვით მომხდარის შესახებ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ისრაელთან მათი „მოთმინება იწურება“ და რომ სირიას დამატებით შეიარაღებას მიაწვდის, თუ საჰაერო თავდასხმები გაგრძელდება.
„ისრაელი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს აგრესიაა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. გასულ წელს რუსეთმა სირიას S-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვა გადასცა, მიუხედავად ისრაელის წინააღმდეგობისა.
სირიიდან ამერიკის სამხედროების გასვლის კვალდაკვალ, გეოპოლიტიკური რეალობა ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე იცვლება. ამ მოცემულობაში, ისრაელი საკუთარ კამპანიაზე საჯაროდ საუბარს არჩევს. რუსეთსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მოსკოვთან დიალოგის მიუხედავად ირანი აგრძელებს საკუთარ კამპანიას სირიაში.
Facebook Forum