ისრაელის ძალებმა აღმოსავლეთ ხან იუნისი დატოვა

სამშაბათს, 30 ივლისს, ათასობით პალესტინელი დაბრუნდა ღაზის სამხრეთის მთავარ ქალაქ ხან იუნისში. ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა იქ ერთკვირიანი შეჭრა დაასრულა. ისრაელის თქმით, ოპერაციის მიზანი "ჰამასის" გადაჯგუფების თავიდან აცილება იყო.

"ჰამასის" მიერ მართულმა ღაზის მედია ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელის რვადღიანი ოპერაციის შედეგად, ხან იუნისის აღმოსავლეთ რაიონებში 255 პალესტინელი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა. სულ მცირე, 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მათივე ცნობით, ისრაელის ძალებმა 300-ზე მეტ სახლს ესროლეს, მათგან, სულ მცირე, 30 დასახლებული იყო.

ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისმა ძალებმა 150-ზე მეტი პალესტინელი შეიარაღებული პირი მოკლეს ერთკვირიანი რეიდის დროს, გაანადგურეს "ჰამასის" გვირაბები და ამოიღეს იარაღი.

ხან იუნისის ოპერაციის შემდეგ, ისრაელმა ალ-ბურეჯში ათასობით ადამიანს უბრძანა სახლების დატოვება. ალ-ბურეჯი ცენტრალურ ღაზაში მდებარეობს, სადაც დარტყმები დაიწყო.

ღაზაში ომი, ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო, რომაც1 200 ადამიანი იმსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაატყვევეს, რომელთაგან 120, ამ დრომდე, ტყვეობაში რჩება. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მძევალთაგან ყოველი მესამე მკვდარია. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საპასუხო სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების კამპანიას, 39 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. შეერთებული შტატებისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.