25 დეკემბერს, ღაზაში 70 ადამიანის ცხედარი დაასაფლავეს. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, გასულ ღამეს, ისინი ისრაელის საჰაერო თავდასხმამამ ღაზის სექტორის ცენტრში მდებარე მაღაზიაში შეიწირა.
ღაზაში ამბობენ, რომ ბოლო 11 კვირის განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ღამე. "კედლები და ფარდები თავზე დაგვეცა. ჩემი 4 წლის შვილის ასაყვანად დავიხარე, მაგრამ ქვების მეტი ვერაფერი ვნახე"- უთხრა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
თავდასხმა შუაღამის დადგომამდე დაიწყო. ისრაელმა ღაზის სექტორში როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო თავდასხმა გააძლიერა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ მაღაზიაში მოკლულები სულ ქალები და ბავშვები იყვნენ. მაღაზიის გარდა, მსხვერპლი იყო სხვა ადგილებზეც. 8 ადამიანი მოკლეს ალ-ბურეჯისა და ალ-ნასეირათის მიმდებარედ, ხოლო 23 ადამიანი სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ამბობენ, რომ გასულ ღამეს მიმდინარე საჰაერო თავდასხმებმა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ღაზაში არსებული სიტუაცია ახსენა თავის საშობაო სიტყვაში რომის პაპმაც. მან თქვა, რომ ომებში, მათ შორის ღაზაში მოკლული ბავშვები "დღევანდელი დღის პატარა იესოები არიან" და რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმები უდანაშაულო, მშვიდობიან მოსახლეობაში "საშინელ მოსავალს" იღებს.
ისრაელმა ღაზის სექტორს "ჰამასის" თავდასხმის პასუხად შეუტია. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელში 1,200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად გაიტაცეს. ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების შედეგად, "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ხელისუფლების მონაცემებით, 20,000-მდე ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.