ისრაელის ლიდერს მიტ რომნისადმი სიმპათიები არასოდეს დაუმალავს
Your browser doesn’t support HTML5
„ამერიკას და ისრაელს შორის ურთიერთთანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში კლდესავით მყარია. პრეზიდენტ ობამასთან მუშაობას სულმოუთქმელად ველი, რათა ეს ურთიერთობა განმტკიცდეს და მშვიდობის და უსაფრთხოების გეგმები კიდევ უფრო დაწინაურდეს,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
აშკარად, მედიისთვის ორკესტრირებულ შეხვედრაზე, საპასუხო სიტყვა ამერიკის ელჩმაც წარმოთქვა.
„პრეზიდენტი პატივს სცემს უსაფრთხოების საკითხებში ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მეორე ვადით პრეზიდენტობის პერიოდში მათ გაგრძელებას და გაღრმავებას ელის," - აღნიშნა ბატონმა შაპირომ.
განცხადებებს წინ უძღოდა წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ობამას და პრემიერ ნეთანიაჰუს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის ისრაელის პრემიერთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ რომ ნეთანიაჰუს აზრით, რომნის გამარჯვება ამერიკა-ისრაელის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებდა.
ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის პროფესორი, გიდეონ რეჰატი ამბობს, რომ აღნიშნული პოზიციის გამო ნეთანიაჰუს სამშობლოში ხშირად აკრიტიკებენ. ოპონენტების თქმით, პრემიერს შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა და და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რისკის ქვეშ არ უნდა დაეყენებინა.
„ნეთანიაჰუს მიერ არჩევნებში ჩარევა ობამას და ნეთანიაჰუს ურთიერთობებს პრობლემატურს ხდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საერთოდ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე აისახება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც ცუდი სტარტია,“ - აღნიშნავს პროფესორი რეჰატი.
ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ობამა ფინალურ წლებში ძლევამოსილი ამერიკელი ებრაელების აზრს და მხარდაჭერას დიდ ანგარიშს აღარ გაუწევს. ამან კი თავისთავად შესაძლოა ისრაელ-პალესტინას შორის ჩიხში შესულ მოლაპარაკებათა განახლებას ხელახალი ბიძგი მისცეს. პოლიტოლოგები მაგალითად ყოფილ პრეზიდენტებს, ჯიმი კარტერს, ბილ კლინტონს და ჯორჯ ბუშს ასახელებენ, რომელთაც მეორე ვადით არჩევის შემდეგ ისრაელ-პალესტინას შორის მოლაპარაკებათა განახლება და სამშვიდობო პროცესების დაწინაურება შეძლეს.
პოლიტიკური მიმომხილველი, ბარ ილანის უნივერსიტეტის პროფესორი, დენი რუბინშტეინი ამბობს, რომ ნეთანიაჰუს კონსერვატიული პარტიის გაერთიანება ულტრა-მემარჯვენეებთან მოლაპარაკებების განახლებას მხოლოდ ხელს შეუშლის.
„შესაძლოა ეს ჩემი კეთილგანწყობით გამოწვეული სურვილი იყოს, მაგრამ მგონია, რომ მისი ხელმეორე ვადით არჩევა სამშვიდობო პროცესებს ხელს შეუწყობს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ნეთანიაჰუ ამას შეძლებს. მოლაპარაკებაზე დათმობის განწყობით უნდა წახვიდე. არც ნეთანიაჰუ და არც მისი ელექტორატი კომპრომისისთვის მზად არ არის,“- აღნიშნავს პროფესორი.
ორ ლიდერს შორის არსებულ ურთიერთობაში ირანმა დამატებითი დაძაბულობა შეიტანა. ისრაელის ოფიციალურ წრეებში დიდი ხანია კამათობენ, დაიწყონ თუ არა, და როდის შეიძლება დაიწყოს შეტევა ირანის ბირთვული საწარმოებზე. ისრაელი ირანს ატომური იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა ირანი კვლავ იმეორებს, რომ წარმოება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
ისრაელის პრემიერმა ბოლო ხანებში წინასაომარი რიტორიკა გააძლიერა და ამერიკას არაერთხელ შეახსენა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნამდე ძალზე ცოტა დრო რჩება. შეერთებული შტატები ნეთანიაჰუს მოთმინებისკენ მოუწოდებს და პარტნიორს სთხოვს დასავლეთის მიერ გატარებული უმკაცრესი სანქციების შედეგებს დაელოდოს.
პროფესორი რეჰატის თქმით, ობამას ხელახალი არჩევა ისრაელში სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. 2013 წლის იანვარში ხომ ისრაელში არჩევნებია დანიშნული.
„ის ფაქტი, რომ ობამამ არჩევნები მოიგო, ნეთანიაჰუს და მისი კონსერვატიული ლიკუდის პარტიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ამერიკასთან ურთიერთობას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ოპოზიცია უთუოდ წინ წამოწევს იმ ფაქტს, რომ ნეთანიაჰუ მიტ რომნის უჭერდა მხარს, რომნიმ კი არჩევნები წააგო,“ - ამბობს პროფესორი რეჰატი
ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტ ობამას მეორე ვადით არჩევა ისრაელში ყველაზე მეტად მემარცხენე პოლიტიკურ ფრთას გაუხარდა. თუმცა, ნეთანიაჰუს მემარჯვენეებთან გაერთიანების გამო ხელისუფლების კოალიციის დამარცხება იოლი საქმე არ იქნება, - ამბობენ ისინი.